ინგლისის ჩემპიონშიფის მე-19 ტურში „ნორვიჩთან“ 2:3 წაგებულ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა სამშაბათს „უოტფორდის“ სასტარტოში ითამაშა.
მე-20 ტურში უოტფორდელებმა სახლში „შეფილდთან“ 1:1 ითამაშეს და ჩაკვეტაძემ მოედანზე 69 წუთი დაჰყო. მას მატჩის მე-5 წუთზე გოლის გატანის შანსი ჰქონდა, როდესაც მეტოქის კართან ახლოს მყოფმა ერთი შეხებით დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია. მე-17 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში მაკნილმა გახსნა. 72-ე წუთზე „უოტფორდს“ საპასუხო გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ მაროკოელმა იმრან ლოუზამ ბურთი კარს ააცილა. ძირტადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე მასპინძლებს ქულა პორტუგალიელ ვივალდუ სემედუმ გადაურჩინა. „უოტფორდს“ 28 ქულა აქვს და 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





