იური ტაბატაძე „კადისის“ სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-17 ტურში კადისელებმა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ სანტანდერის „რასინგს“ უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ 2:0 იგებდნენ, საბოლოოდ ქულაც ვერ აიღეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადენლობაში არ იყო და თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის მე-5 წუთზე ანგარიში კამარამ გახსნა, ხოლო ათ წუთში მარტი „კადისი“ კიდევ უფრო დააწინაურა. მე-20 წუთზე ვისენტემ ერთი ბურთი გაქვითა.
მეორე ტაიმში „რასინგი“ მეტოქეზე უკეთესად გამოიყურებოდა და 63-ე წუთზე ანგარიში მარტინმა გაათანაბრა, რომელმაც ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე თავის გუნდს მოაგებინა – 2:3. „კადისი“ 24 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





