საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მიმდინარე წელი საშინაო მარცხით დაასრულა. F ჯგუფის მე-5 ტურში რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი მიხეილ მესხის სტადიონზე გერმანიას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ვერაფერი გააწყო. სტუმრები ორი ტაიმი დომინირებდნენ და სამი ქულაც დამსახურებულად აიღეს.
შეხვედრის მე-15 წუთზე ელ მალა ჩვენს საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და პასი კომურს გაუკეთა, რომელმაც ბურთი მიწაზე დაუშვებლად ძალიან სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. მე-20 წუთზე დიეგო დეისაძემ მეტოქის ნახევარზე მცველთან ორთაბრძოლაში ბურთი მოიპოვა და დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა, თუმცა, მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა. 28-ე წუთზე გერმანელების კუთხური კარში სუსტი დარტყმით დასრულდა, რასაც ბერუაშვილისთვის პრობლემა არ შეუქმნია. ერთ წუთში ქართველი მცველის უზუსტო გადაცემას თავის ნახევარზე დაახლოებით 25 მეტრიდან კარლის დარტყმა მოჰყვა, რაც ისევ ბერუაშვილმა გაანეიტრალა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ჩვენს ნახევარზე მყოფმა ელ მალამ მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში ტრესოლდი მოძებნა, რომლის თავურის მერე ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ამის შემდეგ, ელ მალამ ზუსტი გადაცემა საჯარიმოშ უკვე კემლაინს გაუკეთა, რომელმაც ბურთი კარს გადააცილა.
35-ე წუთზე გიორგი გვასალიამ საჯარიმოს ხაზიდან სახიფათოდ დაარტყა და მეკრემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს და საჰაერო ორთაბრძოლა ელ მალამ მოიგო, ხოლო კარის შორეულ ძელთან მყოფმა კარლმა ძალიან მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კარლმა მიუნხენის „ბაიერნის“ მაისურით გოლი ჩემპიონთა ლიგაში ბელგიის „ბრიუგეს“ გაუტანა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში მარცხენა მცველმა საბა ხარებაშვილმა მეტოქესთან შეჯახების დროს ტრავმა მიიღო და ჟორჟ ქარსელაძემ შეცვალა. 56-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში მყოფმა კარლმა ოდნავ მახვილი კუთხიდან დაარტყა და ბერუაშვილმა გადაგვარჩინა. 58-ე წუთზე ტრესოლდმა დაახლოებით 18 მეტრიდან დაარტყა და ბურთი, რომელიც ოდნავ ახტა, ბერუაშვილმა თავის კუთხეშ გაუშვა. 86-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩმა ჩვენს საჯარიმოში მიიღო ბურთი და დაარტყა, რომელიც გვერდით ძელს მოხვდა.
საქართველოს ნაკრები, რომელსაც ხუთი ქულა აქვს და ჯგუფში მე-4 ადგილზეა მომავალ თამაშს 2026 წლის 27 თებერვალს შინ ლატვიასთან ჩაატარებს. ჯგუფში პირველ ადგილზე 15 ქულით საბერძნეთია, რომელმაც 18 ნოემბერს სახლში ჩრდილოეთ ირლანდიას 4:0 აჯობა. გერმანია 12 ქულით მესამეა. ლატვია 4 ქულით მეხუთეა, ხოლო უქულო გიბრალტარი ბოლოა.
საქართველო- გერმანია 0:2 (0:1)
18 ნოემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
საქართველო: ბერუაშვილი, გვასალია, ბუკია, გიუნაშვილი, ხარებაშვილი (ქარსელაძე 55); ტაბატაძე (პარკაძე 46), ლორთქიფანიძე (წულუკიძე 67), დადიანი, ჯაფარიძე (ბერელიძე 67), ბასილაძე, დეისაძე (ღურწკაია 84)
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
გერმანია: ზიემენი, იელტში, კოლინსი, ქუარშიე, ზენტერი, კარლი (კადე 84), კემლაინი (ასეკო 75), ბიშოფი, ელ მალა (ანსა 63), ტრესოლდი (ვაიპერი 75), კომური (დამარი 63)
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო დი სალვიო.
გოლები: 0:1 კარლი (45), 0:2 ტრესოლდი (58).
გაფრთხილება: დადიანი (88), კადე (90+3).
მთავარი მსაჯი: აშოტ გალტახჩიანი.
ლაშა თაბაგარი





