ევროპის 6-გზის ჩემპიონმა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ტიტულის დაცვა პოლონეთის 64:7 ძლევით დაიწყო და თასის ნახევარფინალში მასპინძელ ჩეხეთს შეხვდება.
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, „მარკეტა სთედიუმზე“ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ მატჩში, ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა მეტოქეს 10 ლელო გაუტანეს და მათგან 7 გარდასახეს. თავის მხრივ, ჩეხებმა შარშანდელი სენსაციური შედეგი გაიმეორეს, ამჯერად პორტუგალიას 29:26 სძლიეს და 18 ნოემბერს, ჩვენი დროით 21 საათსა და 30 წუთზე საქართველოს წინაშე წარსდგებიან.
პოლონეთს ჩვენმა გუნდმა პირველ ტაიმში 6 ლელო გაუტანა. ანგარიში გიორგი ზაზაძემ გახსნა, რომელმაც ბოჭვის მიუხედავად კარგად იარა და ძალისმიერი ლელო გაიტანა. მე-8 წუთზე მორკინალებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს მეტოქის 22-ში, გიორგი გაბუნიამ ბურთი ფეხით გადაკიდა, მას დავით არობელიძე დაეუფლა და ლელო გაიტანა. მე-20 წუთზე ქართველთა მოლი ზაზაძის დუბლით დასრულდა.
ამას ხელდახელ შეტევა მოყვა, ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩათამაშდა და ლელო ლუკა ტაბატაძემ მიითვალა. 3 წუთში მეორეხაზელმა კაპიტანმა, ნიკოლოზ ჩხორთოლიამ გაჭრა ხაზი და მისი შემჩერებელი არავინ იყო, ხოლო ტაიმის ბოლოს მარცხენა ფრთაზე ერთხელაც გავშალეთ იერიში და ამჯერად დუბლი ტაბატაძემ მიითვალა. არობელიძემ 6-იდან პირველი 5 გარდასახვა გამოიყენა – 40:0.
შესვენებისას ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. 39-ე წუთზე ავთანდილ ზვიადაძემ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და ლელოთი საქართველოს უპირატესობა გაზარდა. პოლონეთმა ერთი გარდასახული ლელოთი გვიპასუხა, რაზეც გიორგი კეკელიამ კარგი მიძალებით უპასუხა და მიზნამდე ცოტა დააკლდა, თუმცა გოჩა ფიცხელაურმა რაქიდან ბურთი ლელოში მაინც გადადო.
65-ე წუთზე არობელიძემ მეტოქის ნახევარზე ხაზი გაჭრა, რამდენიმე მცველს გვერდი აუარა და ლამაზი ინდივიდუალური ლელო მიითვალა. შეხვედრის მიწურულს სინბინით ერთბაშად ორი მოთამაშე დავკარგეთ – გიორგი ქევანიშვილი და საბა მშვილდაძე, თუმცა 13 კაცით იქით შევუტიეთ და გაწითლებულ დროზე საბა გიორგიძემ მეათე ლელო გაიტანა. ორი გარდასახვა მათე მახარაძემ შეასრულა და თამაში 64:7 დასრულდა.
დანარჩენ მეოთხედფინალებში ესპანეთმა ბელგია 64:0 დაამარცხა, ხოლო ნიდერლანდებმა გერმანიას 18:16 სძლია.
2025 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატ
პრაღა (ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“
1/4-ფინალი. 15 ნოემბერი.
საქართველო – პოლონეთი 64:7 (40:0)
საქართველო
ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. გიორგი გაბუნია (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);
შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები), 7. გიორგი ქევანიშვილი (აია), 8. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი).
მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ყაზბეგი), 17. საბა მშვილდაძე (აია), 18. იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), 19. საბა გიორგიძე (ლელო), 20. ლუკა შულაია (ლელო); 21. ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), 22. მათე მახარაძე (ბათუმი), 23. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), 24. გიორგი მუშკუდიანი (აია), 25. ლუკა ჭაკუა (ლელო), 26. გიორგი არძენაძე (ფოთი)
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
ესპანეთი – ბელგია 64:0
ნიდერლანდები – გერმანია 18:16
ჩეხეთი – პორტუგალია 29:26
18 ნოემბერი.
თასის ნახევარფინალები
ესპანეთი – ნიდერლანდები
საქართველო – ჩეხეთი
V-VIII ადგილების ნახევარფინალები
პოლონეთი – პორტუგალია
ბელგია – გერმანია
rugby.ge





