შენგელიამ ევროლიგაში “ვირტუსთან” მოიგო

0
13

თორნიკე შენგელიას კიდევ ერთი შედეგიანი მატჩი და გამარჯვება ბარსელონას შემადგენლობაში. თანაც პირადად შენგელიასთვის ეს განსაკუთრებული გამარჯვება იყო, რადგან ის მის ყოფილი გუნდის წინააღდეგ თამაშობდა. ეს მოხდა ევროლიგის მე-11 ტურში – ბარსელონამ ვირტუსს უმაპინძლა და 88:81 გაიმარჯვა.
ბოლო პერიოდის წინ ბარსა 6 ქულით აგებდა, მაგრამ გუნდური თამაშის წყალობით, რომელშიც შენგელია ერთ-ერთ მთავარ ფიგურას წარმოადგენდა, ბოლო პერიოდი 27:14 მოიგო და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწია. შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 24:22 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში) და 1 დაფარება მიითვალა.
თოკომ 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ბარსელონას რიგებში ყველაზე შედეგიანი კევინ პანტერი იყო, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო, ვილ კლაიბერნმა 13 ქულა მიითვალა, იან ვესელიმ – 12, ნიკო ლაპროვიტოლამ კი – 10. ვირტუსს 17 ქულით მეტიუ მორგანმა ულიდერა.
კატალონიურ კლუბს 7 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 20 ნოემბერს, სტამბოლში ანადოლუ ეფესთან ჩაატარებს.