საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიპ ირველი თამაში წააგო. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი F ჯგუფის ლიდერ საბერძნეთს სტუმრად შეხვდა და სამი უპასუხო გოლი გაუშვა.
მატჩის დასაწყისში მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ნიკოლოზ დადიანმა ბურთი დაჩი ლორქთიფანიძისგან მიიღო და კარის წინ მდგომ ალეკო ბასილაძეს გადააწოდა, რომელმაც ვარდნაში ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა.
32-ე წუთზე პაპუნა ბერუაშვილმა თავის საჯარიმოდან ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც სმირლისს მიუვიდა და ბერძენმა ფეხბურთელმა დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ ჩვენი გუნდის მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა.
42-ე წუთზე ბერძნების კონტრშეტევის დროს, ჩვენი ნაკრების მცველი დავით ბუკია საკუთარ საჯარიმოში შეეცადა სმირლისისთვის ბურთი ფეხებში ვარდნით აერთვა, მაგრამ წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ციმასმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 1:0.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე კონტურისმა კუთხური ჩააწოდა და კალოგეროპულოსის თავურის შემდეგ, ბერუაშვილმა ძალიან ცუდად ითამაშა ბურთის მოგერიების დროს, რომელიც საბოლოოდ კარში აღმოჩნდა – 2:0.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში შეცვლაზე შესულმა დიეგო დეისაძემ, რომელიც მეტოქის საჯარიმოში კარისკენ ზურგით იდგა, კარგად დაუგდო ბურთი გიორგი გვასალიას, რომლის დარტყმული მეკარემ გაანეიტრალა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, დეისაძემ მოედნის ცენტრიდან დაიწყო შეტევა, რომელიც თავად დაასრულა დაახლოებით 25 მეტრიდან დარტყმით და მეკარემ ბურთი გაჭირვებით მოიგერია – ახლო მანძილიდან დამატებას გვასალია შეეცადა, რომელიც ერთი შეხედვით მცველმა წააქცია, მაგრამ მსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა.
66-ე წუთზე მოედანზე ერთი წუთით ადრე შესულმა კუციასმა საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. 73-ე წუთზე კერამიცისმა საკუთარ საჯარიმოში ლუკა წულუკიძე წააქცია და არბიტრმა თერთმეტმეტრიანისკენ მიუთითა. წულუკიძის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 79-ე წუთზე ჯარიმის შესრულების დროს გუმასმა ბურთი საქართველოს ნაკრების საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას კერამიცისმა დაასწრო და თავით გაიტანა – 3:0. 82-ე წუთზე ლუკა ლაცაბიძემ მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო და მოედანი მედპერსონალის დახმარებით დატოვა. ის აკაკი გიუნაშვილმა შეცვალა. 88-ე წუთზე ბერძნების შეტევა საჯარიმოში მყოფმა კალოსკამისმა დაასრულა, რომლის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში მომდევნო მატჩს 18 ნოემბერს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.
საბერძნეთი – საქართველო 3:0 (2:0)
14 ნოემბერი. ათენი. აპოსტოლის ნიკოლაიდის სახელობის სტადიონი.
საბერძნეთი: ბოტისი, კუცოგულასი, კალოგეროპოლუსი (კ) (კატრისი, 58), ალექსიუ, ალენი, კალოსკამისი, კონტურისი (კერამიცისი, 65), გუმასი (ბრეგოუ, 80), პნევმონიდისი (პაპაკანელოსი, 58), ციმასი (კუციასი, 65), სმირლისი.
მთავარი მწვრთნელი: იანის ტაუსიანისი.
საქართველო: ბერუაშვილი, გვასალია (წულუკიძე, 72), ლაცაბიძე (კ), ბუკია, ხარებაშვილი, დადიანი, ლორთქიფანიძე (ქარსელაძე, 72), ტაბატაძე (პარკაძე, 58), ჯაფარიძე, ბასილაძე, გოცირიძე (დეისაძე, 46).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
გოლები: 1:0 ციმასი (44), 2:0 კალოგეროპულოსი (45+1), 3:0 კერამიცისი (79)
75-ე წუთზე წულუკიძემ პენალტი ვერ გამოიყენა (ძელი).
გაფრთხილება: გვასალია (8), სმირლისი (15), კონტურისი (26), გოცირიძე (37)
მთავარი მსაჯი: ვიქტორი კოპიევსკი (უკრაინა).
ლაშა თაბაგარი





