თბილისის „დინამოს“ 19 წლამდე ფეხბურთელთა გუნდი უეფას ახალგაზრდული ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ანუ პლეი-ოფის ფინალში გავიდა. დავით გელაშვილის გუნდმა ლარნაკას აეკ-თან სტუმრად პირველი თამაშის 4:3 მოგების შემდეგ, კვიპროსელებს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზეც“ აჯობა.
მატჩის პირველი ტაიმის შუაწელში მასპინძლებს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ორჯერ ჰქონდათ, მაგრამ ლარნაკელები მეკარები გადაარჩინა. თუმცა, მან 41-ე წუთზე რატი დანელიას მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ვეღარ მოიგერია და „დინამო“ დაწინაურდა – 1:0.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში „დინამო“ კიდევ უფრო წინ ჰალიდ დოლტმურზიევმა გაიყვანა, რომელმაც თემურ ოდიკაძის პასი გამოიყენა – 2:0. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „დინამო“ პლეი-ოფის ფინალში მინსკის „დინამოსა“ და რაზგრადის „ლუდოგორეცს“ შორის გამარჯვებულს შეხდება.
ლაშა თაბაგარი





