საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძეს ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად ლატვიასთან მატჩის ფრედ (1:1) დასრულებას ლოგიკურად მიიჩნევს.
რამაზ სვანაძე: „მიმაჩნია, რომ შედეგი ლოგიკურია. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ტაიმი სუსტად ჩავატარეთ, შედარებით მეორე ნახევარში გამოვასწორეთ თამაში. სამწუხაროდ, დასანანი გოლი გავუშვით. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შეტევაში ძალიან გვიჭირს და ამ მხრივ მოსამატებელი გვაქვს.
ახლა მთავარია, ძალები აღვიდგინოთ იმიტომ, რომ მომდევნო მატჩში სამი ქულა აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ. რაც შეეხება ახალწვეულებს, იმის გათვალისწინებით, რომ ამხანაგური მატჩების ჩატარების დრო არ გვქონდა, ვცდილობთ, შანსი ყველას მივცეთ. ბევრი მათგანი ფორმაში არაა და ეს ჩვენთვის ცნობილი იყო, თუმცა შეზღუდული ვართ რესურსებში.
ძიებაში ვართ, უბრალოდ, ყველაფერს ის ართულებს, რომ ოფიციალურ მატჩებს ვთამაშობთ და ქულები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, შემდეგი თამაში უმნიშვნელოვანესია, ჩვენთვის მარტივი თამაში არცერთი იქნება და ახლა მთავარი ამოცანაა, რომ გავაანალიზოთ ეს მატჩი და მალტასთან აუცილებლად მოვიგოთ. უკვე ამის შემდეგ გამოჩნდება ყველაფერი“.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდან გოლის ავტორმა დავით ბუკიამ შემდეი განაცხადა: „გოლი ძალიან გამიხარდა. ვფიქრობ, რომ უნდა მოგვეგო. ძალიან დაძაბული მატჩი იყო, მაგრამ შემდეგი თამაშისთვის უნდა გადავერთოთ და მოვემზადოთ, რადგან მალტასთან აუცილებლად მოსაპოვებელია სამი ქულა და სახლში გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ“.
საქართველოს ნაკრები 2 ქულით 6-გუნდიან F ჯგუფში მე-4 ადგილზეა. ჩვენი 21-წლამდელები მომდევნო თამაშს სტუმრად 14 ოქტომბერს მალტასთან ჩაატარებენ. F ჯგუფში ასევე გერმანია და საბერძნეთი გამოდიან, ეს უკანასკნელი 6 ქულით ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





