ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ავთანდილ ასათიანს მიაჩნია, რომ ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში თბილისში სლოვაკეთთან 4:1 გამარჯვების მიუხედავად, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
ავთანდილ ასათიანი: „რთული თამაში იყო, რასაც ისედაც ველოდებოდით. კარგია, რომ ბიჭები ცდილობდნენ მიცემული დავალებები შეესრულებინათ და დიდი მადლობა ამისთვის. აუცილებლად უნდა გამოვყო გულშემატკივარი. ასეთი ქომაგობა თუ გვექნება, არ ვიცი ნაკრები, რომელიც სახლში დაგვამარცხებს. პირველი ტაიმი დასრულდა, ანგარიშს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან სლოვაკეთში ამაზე ბევრად მეტი ბრძოლა გველოდება. როგორც მაქვს ინფორმაცია, სლოვაკეთში 8 000-ზე მეტი ბილეთია გაყიდული. იქ უკვე შეგვიძლია მეორე ნომრად თამაში, რადგან გვაქვს პატარა ფორა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ვფიქრობ, დღევანდელი გამარჯვება დავიმსახურეთ, დანარჩენი სლოვაკეთში გამოჩნდება“.
ასათიანის გარდა განვლილი შეხვედრა სლოვაკების კარში გოლების ავტორებმა შოთა თოფურიამ და გიორგი ჩიმაკაძემ გააკეთეს.
შოთა თოფურია: „შესწავლილი გვყავდა სლოვაკეთი. ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია და კომბინაციურადაც რაღაცები გავლილი გვქონდა. მწვრთნელებმაც ძალიან კარგად იმუშავეს და მაქსიმალურად ვეცადეთ ჩვენი პლუსები გამოგვეყენებინა. პირველი ტაიმი ცოტა უფრო რთული იყო, იმიტომ, რომ დაძაბულები ვიყავით, მეორე გოლმა ალბათ გარდატეხა შეიტანა თამაშში. უფრო გავიხსენით და სასურველი ანგარიში დავაფიქსირეთ. დიდი მადლობა გულშემატკივარს, მათი დამსახურება ძალიან დიდია და ორმაგი ემოცია და ძალა გვაქვს, როცა ისინი გვგულშემატკივრობენ“.
გიორგი ჩიმაკაძე: „როგორც ველოდით, დაძაბული თამაში იყო. ანგარიშის მიუხედავად. სლოვაკეთის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. მადლობა ბიჭებს, რომ ყველაფერი გავაკეთეთ და მივაღწიეთ ისეთ შედეგს, რამაც მომდევნო მატჩისთვის ერთი ნაბიჯით წინ წაგვწვია, უფრო მივუახლოვდით ამ საოცნებო ტურნირს, რომელიც ჩემთვის პირადად პირველი იქნება. ჯერ ყველაფერი წინაა, საპასუხო მატჩში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და რაც ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ, ჩვენთვის მით უკეთესი იქნება“.
საქართველოს ნაკრები საპასუხო შეხვედრას სლოვაკეთში 23 სექტემბერს გამართავს და წარმატების შემთხვევაში ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
ევრო 2026 მომავალი წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით რიგაში (ლატვია), კაუნასში (ლიეტუვა) და ლუბლიანაში (სლოვენია) ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი
