ხვიჩა კვარაცხელიასთვის ჩემპიონთა ლიგის ფაზის სტარტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. პირველ ტურში ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა პსჟ-მ ბერგამოს „ატალანტა“ მიიღო და 4:0 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა საუცხოო გოლი გაიტანა, პლუს უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. აღსანიშნავია, რომ განვლილ შეხვედრაში ხვიჩა ხშირ შემთხვევაში „ათიანის“ პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა ხან მარჯვენა და ხან მარცხენა ფლანგზეც გადადიოდა.
პარიზელები თავიდანვე დიდ უპირატესობას დაეუფლნენ და მე-3 წუთზე ფაბიან რუისის კარგი პასის შემდეგ, მეტოქის კარი წინ მდგომმა გუნდის კაპიტანმა მარკინიოსმა ანგარიში გახსნა – 1:0. ამის შემდეგ, თავის გამჩენის შანსი ნუნუ მენდეშს, ბრაკოლას და ჰაკიმის ჰქონდათ, მაგრამ იტალიელთა გოლკიპერმა თავისი გუნდი გადაარჩინა.
39-ე წუთზე კვარაცხელიამ ბურთი მოედნის ცენტრიდან წამოიღო და ორ მოწინააღმდეგს გაცდა, ხოლო თითქმის საჯარიმოს ხაზიდან აუღებლად დაარტყა – 2:0. შეგახსენებთ, რომ მან 2022-2023 წლების სეზონში „ატალანტას“ საოცარი გოლი გაუტანა, რომელიც სერია A-ში საუკეთესოდ აღიარეს.
44-ე წუთზე იტალიელთა მცველმა თავის საჯარიმოში მარკინიოსი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ბარკოლამ ძალიან ცუდად შეასრულა და მეკარე ბურთს დაეუფლა.
51-ე წუთზე მენდეში „ატალანტას“ საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა, ერთი მცველი ფინტით ჩამოიშორა და ახლა კუთხეში გაიტანა – 3:0. კვარაცხელია 75-ე წუთზე შეცვალეს. ის ჩემპიონთა ლიგაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გასულ სეზონში პლეი-ოფში ბირმინგემის “ასტონ ვილასთან” მოგებულ დაპირისპირებაშიც გახდა, სადაც ასევე ძალიან ეფექტური ბურთი შეაგდო. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე საბოლოო წერტილი გონსალუ რამუშმა დასვა – 4:0.
აქვე გეტყვით, რომ პსჟ-ს მთავამა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თამაშის პირველ ტაიმს თვალი ტრიბუნიდან ადევნა, ხოლო შესვენების შემდეგ ე.წ. ტექნიკურ ზონაში კუთვნილი ადგილი დაიკავა. მისი თქმით, ტრიბუნიდან მოედანზე მიმდინარე მოვლენები უფრო კარგად სჩანს.
ლაშა თაბაგარი





