კვარაცხელიამ ტრავმის გამო თამაში ნაადრევად დაასრულა

0
13

ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში „ლანსთან“ საშინაო მატჩი ვერ დაასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. მანამდე, მას მეტოქე ფეხბურთელები რამდენჯერმა ძალიან ეუხეშნენ. განსაკუთრებით, ფორვარდი ედუარი გამოირჩა, რომელმაც ფეხი წვივში ჩაარტყა. 26-ე წუთზე ხვიჩა მეტოქის მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბოლო მომენტში კარში ზუსტად დარტყმაში ხელი მცველმა შეუშალა.
მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე კვარაცხელიას მარცხენა ფეხის წვივის კუნთი დასისხლიანებული ჰქონდა და ამის გამო, მოედანი დატოვა. იმ მომენტისთვის მასპინძლები 1:0 იგებდნენ მე-15 წუთზე ბარკოლას გატანილი ეფექტური გოლით. ბარკოლამ 51-ე წუთზე დუბლი შეასრულა და ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა ვიტინიამ გაუკეთა.
ცნობისთვის მიმდინარე სეზონში კვარაცხელია პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა. იმედია, ხვიჩას ტრავმა ძალიან სერიოზული არაა და მოედანზე მალე დაბრუნდება. პსჟ 12 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი