სიგუა: “მაქსიმალურად მზად ვართ”

0
8

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ნახევარმცველ გაბრიელ სიგუას მიაჩნია, რომ ევრო 2027-ის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩისთვის თანაგუნდელებთან ერთად მაქსიმალურად მზადა. მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გაბრიელ სიგუა: “დადებითად შევაფასებდი შეკრებას, ჯერ გაცნობის პერიოდში ვართ, მაგრამ ტაქტიკურად-ტექნიკურად ყველაფერი გავიარეთ ამ ერთ კვირაში და მაქსიმალურად მზად ვართ ხვალინდელი შეხვედრისთვის. წინა თაობებმა ამ ნაკრებში დიდი ისტორია დაწერეს, ხალხი ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მივაჩვიეთ, მოლოდინიც მეტია, ამას ვაცნობიერებთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი გავაგრძელოთ და ისევ გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, გუშინდელმა დღემ ჩვენზე დადებითად იმოქმედა და უფრო მეტი სტიმულია, რომ ხვალ მაქსიმუმი გავაკეთოთ.
რთული პერიოდი გავიარე, ტრავმები მქონდა, მაგრამ ნელ-ნელა ვბრუნდები. გუნდიც შევიცვალე, რადგან „ბაზელში“ სათამაშო დროის ნაკლებობა მქონდა. ჩემი მთავარი მიზანი იყო, მაქსიმალურად განვითარება და თამაში მჭირდებოდა. ვფიქრობ, კარგი ნაბიჯი გადავდგი. მიხარია, რომ წვლილი შევიტანე გუნდის კონფერენს ლიგაზე გასვლაშიც. ბოლო სამ მატჩში სათამაშო დროც მივიღე, ადაპტაციაც მშვენივრად გავიარე გუნდთან, მთელ სტაფთან და ვფიქრობ, ყოველდღიურად მოვუმატებ და თავს კარგად ვგრძნობ.
გულშემატკივარს მოვუწოდებ მოვიდნენ, რადგან არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენთვის ისინი ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ. ჩვენც არაფერს დავიშურებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა გავახაროთ“.
საქართველოს და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.