საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სპარინგებიდან პირველი თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ფარერის კუნძულებთან ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით მოიგო. მანამდე, ჩვენმა გუნდმა ოფიციალურ შეხვედრებში „კუნძულელებს“ ორკერ სძლია.
ფრანგმა ვილის სანიოლმა მეკარე გიორგი მამარდაშვიი, გუნდის კაპიტანი ცენტრალური მცველი გურამ კაშია, მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, შუახაზელები ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი, შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, ფორვარდები ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე ამჯერად არ გამოიძახა. სამაგიეროდ, თავის გამოჩენის შანსი ნაკრების სხვა კანდიდატებს მისცა.
მატჩის დაწყებამდე ეროვნული გუნდის აწ უკვე ყოფილ მეკარეს გიორგი ლორიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა სპეციალური პრიზი – ჩარჩოში ჩასმული ერთნომრიანი მაისური გადასცა. 39 წლის გოლკიპერისთვის ფარერებთან დაპირისპირება 79-ე აღმოჩნდა. მას დებიუტი 2008 წლის 27 მაისს ტალინში ესტონეთთან (1:1) ამხანაგურ თამაშში ჰქონდა. მან ნაკრებში ჩატარებულ 78 მატჩში 85 ბურთი გაუშვა, ხოლო მეტოქეებს გოლი 30 შეხვედრაში არ გაატანინა. ის გუნდის კაპიტანი ორჯერ იყო – 2020 წლის 14 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩატარებულ შეხვედრაში და 2023 წლის 25 მარტს მონღოლეთთან ამხანაგურ თამაშში. მან საქართველოს ნაკრებში მეკარეებს შორის ყველაზე მეტჯერ ითამაშა.
ეროვნული გუნდის დებიუტანტებიდან სასტარტო შემადგენლობაში ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე მოხვდა, რომელსაც ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. მატჩის მე-5 წუთზე საქართველოს ნაკრების კონტრშეტევის დროს საბა ლობჟანიძემ მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მიიღო ბურთი, რომელიც სუსტად დაარტყა და მეკარე დაეუფლა.
მე-9 წუთზე გიორგი გულიაშვილმა კუთხური ჩააწოდა და ფარერების მეკარე გამოსვლაზე შეცდა, ხოლო ლუკა ლოჩოშვილმა თავით გაიტანა – 1:0. „სალერნიტანას“ ცენტრალურმა მცველმა სანაკრებო კარიერაში მეორე გოლი მიითვალა.
36-ე წუთზე თავის ნახევარზე ქართველი მცველების შეუთანხმებელი თამაშის შემდეგ, ბურთი პატრიკ იოჰანესენს მიუვიდა, რომელიც საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და დაარტყა, მაგრამ ლორიამ დამაჯერებლად ითამაშა. 38-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარგი კომბინაცია გიორგი ქვილითაიამ დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერი დარტყმით დაასრულა და ფარერების მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში დანიელ იოჰანსენმა ჩვენი საჯარიმოს მისადგომებიდან ძალიან სახიფათო დაარტყა და ლორიამ ნახტომში ბურთი „ცხრიანიდან“ ჩამოხსნა. 57-ე წუთზე მოწინააღმდეგის ნახევარზე მდგომმა ლევან შენგელიამ პასი სტუმართა კარის წინ გახსნილ გიორგი გველესიანს მისცა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით გააჩერა, ხოლო მეორეთი ახლო მანძილიდან კარს ააცილა.
მე-80 წუთზე თამაშში საბა ხარებაშვილი ჩაერთო, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ჩვენ ეროვნულ გუნდში უთამაშია. ის დებიუტის მომენტში 16 წლის, 9 თვის და 2 დღის იყო. მან ლევან ყენიას რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც დებიუტი 16 წლის, 10 თვის და 21 დღის ასაკში ჰქონდა. მატჩის მიწურულს „კუნძულელებმა“ ჩვენს კართან სიტუაცია გაამწვავეს, მაგრამ ლორიამ საიმედოდ ითამაშა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში ლორიას მაგივრად მოედანზე ახალგაზრდა მეკარე დავით კერესელიძე გავიდა, რომლის დებიუტიც შედგა.
ლორია მქუხარე ტაშით გააცილეს, რაც თამაშის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. გიორგი „ქართული სპორტის ტრიბუნასთან“ სპეციალურად მივიდა და მათ მიერ მიწოდებული შარფიც გაშალა წარწერით: „ქომაგები საქართველოსთვის“.
საქართველსო ნაკრები მეორე ამხანაგურ თამაშს 8 ივნისს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე კაბო-ვერდესთან ჩაატარებს.
საქართველო – ფარერები 1:0 (1:0)
5 ივნისი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
საქართველო: ლორია, გოჩოლეიშვილი, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი (ხარებაშვილი 80), შენგელია (ბერიძე (64), გაგნიძე, მექვაბიშვილი (ნონიკაშვილი 80), ლობჟანიძე, გულიაშვილი (მამუჩაშვილი 64), ქვილითაია (ვოლკოვი 64)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
ფარერები: რეინარტროდი, ორეგაარდი, ვატნჰამარი (იუსტინუსენი, 46), ვ. დავიდსენი, ბენიამინსენი (ჰანსონი, 63), მნენეი, ი. ანდერსენი, დ. იოჰანსენი (. ფერიო, 63), სიორენსენი, კალსბერგი (ფრედრიკსბერგი, 63), იოჰანესენი (. კნუდსენი, 63, კლეტსკარდი, 70.)
მთავარი მწვრთნელი: ეუდუნ კლაკსტეინი.
გოლი: 1:0 ლოჩოშვილი (9)
გაფრთხილება: დ. იოჰანსენი (36)
მთავარი მსაჯი: ი. ვერგოტი (ბელგია)
