ბათუმის „დინამო“ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გალიდერდა. პირველი ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში შავიზღვისპირელებმა თბილისის „დინამო“ მიიღეს, რომელსაც ვლადიმერ კაკაშვილი თავკაცობს და მძიმე ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
მატჩის 26-ე წუთზე ტუნისელმა უაჰაბიმ მოედნის ცენტრში აართვა ბურთი მეტოქეს, რომელსაც ლუკა წულუკიძე დაეუფლა და კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ესპანელი ჯალენ ბლესა გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0.
32-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ ტრავმა მიიღო და ბათუმელთა შემადგენლობაში მის ნაცვლად რევაზ ინჯგია გამოჩნდა.
38-ე წუთზე მათე ვაწაძემ მასპინძლების საჯარიმოშ ნოდარ ლომინაძე მოძებნა, რომელმაც ფინტით ერთი მცველი ჩამოიცილა და მარჯვნიდან პასი ოთარ აფციაურს გაუკეთა, რომლის დარტყმის შემდეგ, ლუკა ქაფიანიძემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში ბათუმელთა საჯარიმოში მყოფმა საბა ხარებაშვილმა მარცხენა მახვილი კუთხიდან სახიფათოდ დაარტყა და ლუკა ხარატიშვილმა ნახტომში ბურთი მოიგერია.
მასპინძლებმა კიდევ ერთი იძულებითი ცვლილება განახორციელეს, რადგან ნიკა კალანდარიშვილი დაშავდა და მის ნაცვლად თამაშში რევაზ ჩიტეიშვილი ჩაერთო..
მე-60 წუთზე ხარებაშვილმა მეკარეას ძალიან ცუდად დაუბრუნა ბურთი, რომელიც ბლესამ ჩაჭრა და საჯარიმოში წინ გამოსულ მიხელ მაქაცარიას გაცდა, ხოლო ცარიელ კარში მოედანზე ერთი წუთის შესულმა გიორგი გვასალიამ ვარდნაში არ გაატანინა. ესპანელმა ანგარიშის გაზრდის ასპროცენტიანი შანსი გაანიავა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში საჯარიმოს გარედან ბელგიელი მუტირ ჩაჟიას ძლიერად დარტყმული ბურთი მაქაცარიამ მოიგერია, ხოლო ლუკა ქაფიანიძემ ახლო მანძილიდან არაზსუტად დაამატა. დარტყმის მომენტში ჩაჟიამ ტრავმა მიიღ და გამომდინარე იქიდან, რომ ჭიაბრიშვილს 5 ფეხბურთელი შეცვლილი ჰყავდა, ბათუმელებმა მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ.
73-ე წუთზე უკვე ხარატიშვილს მოუწია ნინა ნინუას სახიფათო დარტყმის განეიტრალება. 83-ე წუთზე კოტდივუარელმა ნახევარმცელმა მოჰამედ ფოფანამ ლომინაძესთან უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
ცოტა ხანში, თემურ ოდიკაძე ბათუმელთა ნახევარზე ერთ მეურვეს გაცდა და სააჯრიმოს გარედან დაარტყა, მაგრამ ხარატიშვილმა ისევ იყოჩაღა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მდგომმა ჯაბა კანკავამ ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში სახიფათოდ გაგზავნა და ხარატიშვილმა თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
9-კაციანმა ბათუმის „დინამომ“ ანგარიშში უპირატესობა შეინარჩუნა და 10-გუნდიან სატურნიორ ცხრილში 11 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო თბილისის „დინამომ“ 8 ქულით მესამეა.
დინამო ბთ 1:0 დინამო თბ
კახა ჩხეტიანის თავკაცობით ფოთის “კოლხეთმა” მიმდინარე სეზონში პირველი თამაში სტუმრად წყალტუბოს “სამგურალთან” მოიგო. ფოთელებიდან ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა გაიტანა, რომელმაც საჯარიმოშ მარჯვნიდან შეჭრილი დავით ფაღავას პასის შემდეგ, ერთი შეხებით ბურთი კარში გაგზავნა. მიმდინარე სეზონში ეს გოლი “კოლხეთისთვის” პირველი აღმოჩნდა. იტალიელი როდოლფო ვანოლის “სამგურალი” 7 ქულით მეხუთეა, ხოლო ჩხეტიანის გუნდი 4 ქულით ბოლოსწინაა.
სამგურალი 0:1 კოლხეთი 1913
გორის “დილამ” საგარეჯოს “გარეჯი” მიიღო და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. 22-ე წუთზე მალელი აბუბაქარ კონტე მოედნის ცენტრიდან დაიძრა და მას მერე რაც სამ მეტოქეს გაცდა, საჯარიმოში შესულმა მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა – 1:0. 56-ე წუთზე შოთა შეყილაძემ სტუმართა საჯარიმოში ერთ მცველს გვერდი აუარა და ზუსტად დაარტყა – 2:0. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე თორნიკე ძებნიაურმა გაიტანა.
“დილა”, რომელსაც პორტუგალიელი ნუნუ კოშტა ავარჯიშებს 10 ქულით მესამეა, ხოლო თენგიზ კობიაშვილის დამოძღვრილი “გარეჯი” 4 ქულით მეცხრეა.
დილა 2:1 გარეჯი
ლაშა თაბაგარი
