გიორგი კვერნაძემ “ფროზინონეში” გადასვლის შემდეგ, ოფიციალურ მატჩში თავისი პირველი გოლი გაიტანა. სერია B-ს მე-19 ტურში “ფროზინონემ” სატურნირო ცხრილში უშუალო მეზობელ “სალერნიტანას” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მან 56-ე წუთზე ბურთი თავის ნახევარზე მიიღო და გრძელი რეიდი დაახლოებით 22 მეტრიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა – 1:0. 85-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა კვერნაძემ საგოლე პასი ამბროზინოს გაუკეთა, რომელმაც მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:0. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სერია B-ში 16 შეხვედრა ჩაატარა – სასტარტოში 5-ჯერ მოხვდა, ხოლო შეცვლაზე 11-ჯერ შევიდა. “ფროზინონე” 19 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





