ალექსანდრე იაშვილი: “ჯგუფში მინიმუმ მეორე ადგილისთვის ვიბრძოლებთ”

0
67

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილის თქმით, ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფში მინიმუმ მეორე ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს.
ალექსანდრე იაშვილი: “რა თქმა უნდა რთული ჯგუფია, ესპანეთიც და ნიდერლანდებიც წამყვანი გუნდები არიან მსოფლიოს მასშტაბით. ესპანეთის წინააღმდეგ საკმაოდ ბევრი თამაში დაგვიგროვდა, დღესდღეობით ვთვლი, რომ საუკეთესო ნაკრებია. თურქეთს გამორჩეული ინდივიდუალური მოთამაშეები ყავს, ამ გუნდს კარგად ვიცნობთ, მათ წინააღმდეგაც ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე, ბულგარეთი  ტრადიციული საფეხბურთო ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის. ვიცით, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
კარგია, რომ ივნისის თვეში გვექნება ამხანაგური მატჩები და მოვემზადებით საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისთვის, რომელიც სექტემბერში დაიწყება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტის პლეი-ოფი წარმატებით ვითამაშოთ და შემდეგ მთელი კონცენტრაცია იქნება საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ პერიოდზე და უშუალოდ ამ თამაშებზე”.
საქართველოს ნაკრები E ჯგუფში ერთა ლიგის 1/4-ფინალში ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს, თურქეთსა და ბულგარეთს დაუპირისპირდება.
საქართველო – თურქეთი – 4 სექტემბერი
საქართველო – ბულგარეთი – 7 სექტემბერი
ერთა ლიგის 1/4-ფინალში ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული – საქართველო – 11 ოქტომბერი.
თურქეთი- საქართველო – 14 ოქტომბერი
საქართველო – ერთა ლიგის 1/4-ფინალში ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული – 15 ნოემბერი
ბულგარეთი – საქართველო – 18 ნოემბერი
ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ ხვდება, ხოლო მეორეადგილოსანი პლეი-ოფში ითამაშებს. მომავალი მუნდიალი აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

ლაშა თაბაგარი