საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის დასკვნით შეხვედრას გამართავს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ოლომოუცში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩამდე ვილი სანიოლის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა. შეხვედრის მასპინძელ ანდრუვ სტადიონზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის დაწყებამდე, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, ადგილობრივი და ქართული მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:
“ჩეხეთთან პირველ მატჩთან შედარებით განსხვავებული თამაში გველის. ბოლო პერიოდში ჩეხეთის ნაკრებში ბევრი მოთამაშე და სათამაშო სტილი შეიცვალა. თუმცა, ჩვენთვის მთავარი არა ჩეხეთის ნაკრების თამაში, არამედ ის, თუ როგორი მოტივაციითა და ამბიციით დავიწყებთ ამ შეხვედრას ჩვენ. ხვალ ჯგუფის დასკვნითი და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ამიტომ დისციპლინის დაცვით და ამავდროულად ამბიციურად უნდა ვითამაშოთ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით ხუთი წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში ასპარეზობდა. შემდეგ კი, ორჯერ დავწინაურდით და ყოველ ჯერზე უფრო ძლიერ მეტოქეებს ვეთამაშებოდით. A ლიგაში გადასვლის შემთხვევაში, თითოეული მატჩი საუკეთესო ნაკრებების წინააღმდეგ გვექნება. ახლა ნამდვილად არ ვიცი, მზად ვართ ამისთვის თუ არა, თუმცა ძალიან მინდა ძალების მოსინჯვა ასეთ დონეზე. ასეთი დონის მეტოქეებთან თამაში ჩვენი ფეხბურთელებისთვის შესანიშნავი გამოწვევა იქნება. სწორედ ასე სწავლობ და აგრძელებ განვითარებას. მეც და ფეხბურთელებსაც ყოველთვის მეტი გვსურს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვებაა, რადგან A ლიგაში გადასვლა გვსურს.
ვეცდებით, რომ ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც კარგად ვიცით. წარსულშიც ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი გუნდისთვის შეგვიძლია ძალიან უხერხული მეტოქე ვიყოთ, რომელიც თავს კომპაქტურად იცავს და სწრაფად უტევს. თუ მოგება გინდა, შენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინო და სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ”.
ჩეხეთი – საქართველოს მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ჯგუფის გამარჯვებული გახდება და ერთა ლიგის A ლიგის საგზურს მოიპოვებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.




