შერმადინი ნაკრებში MVP-ის ტიტულით მოდის

0
47

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში “ლაგუნა ტენერიფემ” შინ “მანრესა” 94:86 დაამარცხა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დასახელდა, რომელსაც ყველაზე შედეგიანი სტატისტიკა ჰქონდა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე გატარებული არასრული 23 წუთი ეყო საიმისოდ, საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა.
შერმადინმა 5-დან 5 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 17 ქულა შეადგინა. შერმადინმა ასევე 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა და გახდა გუნდში ყველაზე მაღალი სარგებლიანობის ინდექსის (25) მფლობელი. მარსელინიო უერტასმა 20 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, მაგრამ ბურთი 6-ჯერ დაკარგა, თამაშიდან 8 სროლა ააცილა და სარგებლიანობაც (21) დაუქვეითდა. შესაბამისად, MVP-ის ტიტულიც ქართველ ცენტრს მიენიჭა.
ამ მოგებამ ტენერიფეს ცხრილის ლიდერობა მოუტანა. შერმადინის გუნდს 6 მოგება და 1 მარცხი აქვს, ისევე როგორც უნიკახას, თუმცა ბურთების შეფარდებით კანარელები პირველობენ. შემდეგ მატჩს ტენერიფე სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, 30 ნოემბერს, სწორედ უნიკახასთან გამართავს.
შერმადინი, ისევე როგორც ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ჩვენი ნაკრების წევრები – ბექა ბურჯანაძე და კამარ ბოლდუინი, ფინეთში 17 ნოემბერს გაემგზავრებიან და საქართველოს ნაკრებს ჰელსინკიში დახვდებიან.