ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიადა მოიგო

0
51

ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრებმა პარიზში მიმდინარე ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვა.
„პარკ დე პრენსზე“ გამართულ ფინალში სანტი დენიას გაწვრთნილმა გუნდმა უხვგოლიან მატჩში საფრანგეთს აჯობა, რომელსაც ლეგენდარული ტიერი ანრი ავარჯიშებს.
მატჩის მე-11 წუთზე ტურნირის მასპინძლებიდან ანგარიში მილომ გახსნა. მე-18 წუთზე ანგარიში ფერან ლოპესმა გაათანაბრა, რომელმაც 25-ე წუთზე დუბლი მიითვალა. 28-ე წუთზე ალექს ბაენამ საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ესპანელები 2 ბურთით დააწინაურა.
თითქოს შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ 79-ე წუთზე აკლუჩემ ანგარიშში სხვაობ შეამცირა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მსაჯმა ესპანელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც მატეტამ გამოიყენა – 3:3.
დამატებითი დრო დაინიშნა და მე-100 წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კამელიომ თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. 121-ე წუთზე ესპანელთა გოლკიპერმა ხელით პასი მისცა მოედნის ცენტრში კამელიოს, რომელიც ფრანგების კარის დარაჯთან ერთი-ერთზე გავიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ესპანეთის ოლიმპიურმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ოქროს მედლები მეორედ მოიპოვა. მანამდე, ესპანელებმა წარმატებას 1992 წელს ბარსელონაში მიაღწიეს, ხოლო 200 წელს სიდნეიში და 2020 წელს იაპონიაში ფინალში დამარცხდნენ.
მიმდინარე წელი ესპანური ფეხბურთისთვის მართლაც გამორჩეულია, რადგან ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ოლიმპიურმა ნაკრებმა პარიზში იპირველა, 19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის ოქროს დაეუფლნენ, ხოლო მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის თასი მეთხუთმეტედ აღმართა.
ლაშა თაბაგარი