საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩისთვის ემზადება. 28 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. ვარჯიშის დაწყებამდე მედიის კითხვებს ლუკა ლოჩოშვილმა უპასუხა:
“დავინახეთ, რომ შეგვიძლია პორტუგალიის დონის გუნდებთან ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. ვფიქრობ, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. ეს მატჩი თითოეული მოთამაშისთვის დიდი გამოცდილება იყო, რამაც თავდაჯერება შეგვმატა. თუმცა, პორტუგალიასთან გამარჯვება უკვე წარსულია. უნდა ვკონცენტრირდეთ მომდევნო მეტოქეზე და მოვემზადოთ ესპანეთთან მატჩისთვის”.
