საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩისთვის ემზადება.
28 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
ვარჯიშის დაწყებამდე მედიის კითხვებს გიორგი მამარდაშვილმა უპასუხა:
“დიდი ხანია ყოველდღიურად ვშრომობ, რომ მაღალ დონეზე მეთამაშა ეს ტურნირი. ბედნიერი ვარ, თუ ცოტათი მაინც დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში. ვნახე, რაც ხდებოდა თბილისში პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ. სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ შევძელით გულშემატკივრების გახარება.
ესპანეთის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი და გამორჩეული გუნდია მაღალი დონის შემსრულებლებით. ბევრ მათგანს ვიცნობ და მათ წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება მაქვს. ვეცდები, რომ ესპანეთთან შეხვედრაც კარგად ჩავატარო და ყველაფერს გავაკეთებთ კიდევ ერთი სასწაულის მოსახდენად”.





