მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თქმით, ყველამ ჩათვალა, რომ მისი გუნდისთვის ყველაფერი დასრულდა, მაგრამ „სამეფო კლუბის“ ჩამოსაწერი არასოდესაა., იტალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად „მანჩესტერ სიტისთან“ პენალტების სერიაში გამარჯვების და 1/2-ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა.
„ყველა ფიქრობდა, რომ ჩვენი აღსასრული დადგა, მაგრამ „რეალი“ არასოდეს უნდა ჩამოწერო, რადგან ამ გუნდისთვის დასრულებული არასოდეს არაფერია. თამაში კარგად დავიწყეთ და ანგარიშში დავწინაურდით. თუმცა, შემდეგ ბრძოლა და მსხვერპლზე წასვლა მოგვიწია. ჩვენ ძალიან უკან „ჩავჯექით“, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ ბურთს აკონტროლებდა, რასაც ყოველთვის აკეთებს ხოლმე. ვფიქრობ, თავი ძალიან კარგად დავიცავით.
ბევრჯერ გვინახავს როგორ ახერხებს „რეალი“ ასე გადარჩენას და იმის დემონსტრრირებას, რასაც მისგან არავინ ელოდება. პენალტების სერიაში ჩვენს გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავით. რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს, როდესაც გუნდი ასეთ მსხვერპლზე მიდის – იბრძვის და ამასთანავე ოსტატობას ავლენს. ეს ერთადერთი ხერხია, რომ აქ გაიმარჯვო.
გვარდიოლამ შემდეგ რაუნდში გასვლა მომილოცა და წარმატება მისურვა. როგორც ყოველთვის ჯენტლმენივით იქცეოდა. მისი კლუბი ჯენტლმენების კლუბია. „ელ კლასიკოს“ წინ ფიზიკური პრობლემები არ გვაქვს. კვირამდე ძალების აღსადგენად დრო არის“ – განაცხადა ანჩელოტიმ Movistar-თან.
1/2-ფინალის პირველ მატჩში “ბაიერნი” “რეალს” 30 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა მადრიდში 7 მაისს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი




