დონეცკის “შახტარმა”, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი გამოდიან, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ვერ გავიდა.უკრაინელებს H ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად ბოლო ტურში ხელს მხოლოდ სტუმრად “პორტუსთან” გამარჯვება აძლევდათ, როდესაც მასპინძლებისთვის შემდეგ ეტაპზე მოსახვედრად ფრეც მისაღები იყო. საბოლოოდ, შეხვედრა უხვგოლიანი აღმოჩნდა და პორტუგალიელებმა 5:3 მოიგეს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან “შახტარში” შეუცვლელად გოჩოლეიშვილმა ითამაშა, ხოლო აზაროვს თადარიგში ყოფმა აკმარეს. მატჩის მე-9 წუთზე ანგარიში “პორტუდან” გალენომ გახსნა, ოც წუთში კი სიკანმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 43-ე წუთზე გალენომ დუბლი მიითვალა – მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ოთხი გოლი გაიტანა და ყველა “შახტარის” კარში. 62-ე წუტზე ირანელმა მეჰდი ტარემიმ მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. 72-ე წუთზე პორტუგალიელმა ეუსტაკიომ ბურთი თავის კარში ჩაჭრა. 75-ე წუთზე “პორტუდან” თავი კაპიტანმა პეპემ გამოიჩინა, რომელსაც 82-ე წუთზე მხარი მთავარი მწვრთნელი სერჯიო კონსეისაუს ვაჟმა ფრანსისკო კონსეისაუმ აუბა. 88-ე წუთზე დონეცკელებიდან გოლი ბრაზილიელმა ლეგიონერმა ეგუინალდომ გაიტანა.
პარალელურად გამართულ მატჩში “ანტვერპენმა” შინ “ბარსელონა” 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ “ბარსელონამ” ბოლო 34 წლის მანძილზე ბელგიურ გუნდთან პირველად წააგო. ჯგუფიდან “ბარსელონა” და “პორტუ” გავიდნენ, ხოლო “შახტარი” ევროპა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრად გაზაფხულზე პლეი-ოფში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





