ქუთაისში 19 წლამდე ფეხბურთელებს შორის “ოქროს ლიგის” ბოლოსწინა ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა “ტორპედომ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა. წინა ტურში “საბურთალოსთან” გამარჯვების შემდეგ დინამოელები ოქროს მედლებთან ერთი ხელის გაწვდენაზე აღმოჩნდნენ, დარჩენილ ორ ტურში დედაქალაქელებს ტიტულის დასაბრუნებლად ერთი ქულაც ხელს აძლევდა (ეს იმ შემთხვევაში, თუ “საბურთალო” ორივე მატჩს მოიგებდა).
თავად მატჩი ქუთაისში თბილისელებმა მოტივირებულად წარმართეს, პროგრამა მინიმუმი შეასრულეს, მეტოქეს 2-2 დაცილდნენ (გოლები ფრიდონიშვილმა და მეხტიევმა გაიტანეს) და “საბურთალოს” ბათუმური მარცხის ფონზე ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე – ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
ბოლო ტურის შეხვედრას “დინამო” თავისი აკადემიის მოედანზე “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 5 დეკემბერს 16.00 საათზე დაიწყება, ხოლო საჩემპიონო ფარს და ოქროს მედლებს ვალერი გაგუას გუნდი თამაშის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. დინამოელებმა ჩემპიონატში გამარჯვების გარდა, მომავალ წელს უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ასპარეზობის საგზურიც მიიღეს.




