“ბორჯღალოსნების” შემადგენლობა შოტლანდიასთან მატჩისთვის

0
33

ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ედინბურგში, მასპინძელ შოტლანდიასთან ბოლო რეპეტიციას გაივლიან, რის შემდეგაც გეზს საფრანგეთისკენ აიღებენ და ავსტრალიასთან მატჩისთვის ლა როშელში მოემზადებიან.
„მარიფილდზე“ თამაში 26 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა უკვე დაასახელა 23-კაციანი შემადგენლობა.
ცენტურიონი მამუკაშვილი და აბჟანდაძის დაბრუნება
შოტლანდიასთან თამაშს იწყებს და მე-100 კეპს მოიხვეჭს კვაჭი შალვა მამუკაშვილი. დავით კაჭარავას, მერაბ კვირიკაშვილის, სანდრო თოდუას, გიორგი ჩხაიძისა და ლაშა მალაღურაძის შემდეგ, ის გახდება მეექვსე ქართველი ცენტურიონი, რომელმაც 100-იან ნიშნულს უწია.
ერთი კვირის წინ აშშ-სთან 22-7 მოგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო 15-ეულში ხუთი ცვლილებაა – სამი შერკინებაში და ორი ხაზში. მარცხენა ბურჯად შემადგენლობაში დაბრუნდა მიხეილ ნარიაშვილი, მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე კი ადგილი ბექა გიგაშვილმა შეინარჩუნა.
მეორე ხაზში თამაშს იწყებს კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ამჯერად ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება. ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში – ფლანკერად ბრუნდება მიხეილ გაჩეჩილაძე, ლუკა ივანიშვილი და თორნიკე ჯალაღონია კი კვლავ დამწყებთა შორის არიან.
შენარჩუნებულია ღერძი და შოტლანდიასთან თამაშს ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა იწყებენ. გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს ცენტრში ამჯერად დემე თაფლაძე შეუწყვილდება, კვლავ ძირთადში არიან ფულბეკი დავით ნინიაშვილი და ფრთა აკა ტაბუცაძე, ხოლო მეორე ფრთა მირიან მოდებაძე იქნება.
ტრავმა მოიშუშა, შოტლანდიასთან ბრუნდება და მარქაფაშია მგეზავი თედო აბჟანდაძე. 9 ნომრის შეცვლაზეა გელა აფრასიძე, ხოლო ხაზში გიორგი კვესელაძე შევა.
აშშ-სთან მატჩის მსგავსად პირველი ხაზის შეცვლაზე არიან კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ბურჯები – გურამ გოგიჩაშვილი და გურამ პაპიძე. მეორე ხაზში ბრუნდება ლაშა ჯაიანი, მესამე ხაზში კი ამჯერად სანდრო მამამთავრიშვილს ვიხილავთ.
მეექვსედ შოტლანდიასთან
ბორჯღალოსნები შოტლანდიას მეექვსედ ერკინებიან და ზედიზედ მესამედ ითამაშებენ „მარიფილდზე“, რომელიც სარაგბო მექაა და 67 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს.
პირველი შეხვედრა 2011 წლის მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიაში შედგა და ჯერჯერობით ყველაზე მცირე სხვაობაც იქ დაფიქსირდა. ინვერქარგილში მაშინ მეტოქემ ლელო ვერ გაგვიტანა და კარში დარტყმებით 15-6 გაიმარჯვა.
2016 წელს შოტლანდიასთან პირველად ვითამაშეთ ტესტ-მატჩი და ქილმანროქში მასპინძლებმა 43-16 მოიგეს. 2019 წელი ისტორიული აღმოჩნდა. 4 წლის წინ, შოტლანდია გახდა ტიერ1-ის პირველი ქვეყანა რომელიც სათამაშოდ საქართველოში ჩამოვიდა. ეს იყო მსოფლიო თასის წინა გასახურებელი შეხვედრა და მეტოქემ „დინამო არენაზე“ 44-10 იმარჯვა.
ერთი კვირის თავზე სქოთებმა პირველად გვიმასპინძლეს „მარიფილდზე“ და 36-9 გაიმარჯვეს, 2020 წელს კი იმავე „მარიფილდზე“ ტესტ-მატჩში 48-7 მოიგეს. 3 წლის შემდეგ ბორჯღალოსნები კვლავ ეწვევიან ედინბურგს და საფრანგეთში გამგზავრებამდე ბოლო რეპეტიციას გაივლიან.
განვლილ 5 შეხვედრაში საქართველომ შოტლანდიას გაუტანა 4 ლელო, თავად კი 25 გაუშვა. გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობა 48:186-ზეა.
მოსამზადებელი ეტაპი
მოსამზადებელ ეტაპზე ბორჯღალოსნებმა ორი თამაში გამართეს და ორივე სარეკორდო სხვაობით მოიგეს – რუმინეთთან 56-6 და აშშ-სთან 22-7.
შოტლანდიამ სამი შეხვედრა გამართა და პირველში იტალიას 25-13, ხოლო მეორეში საფრანგეთს 25-21 მოუგო, 12 აგვისტოს კი იმავე საფრანგეთთან სტუმრად 27-30 დამარცხდა.
მოცემული მომენტისთვის შოტლანდია 84.01 ქულით მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილზეა. საქართველოს 76.23 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა. გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნები 1,78 ქულას მიიღებენ და მე-10 პოზიციაზე მყოფ უელსს მიუახლოვდებიან, რომელსაც 78.26 ქულა აქვს.