„ბარსელონამ“ ბრაზილიის „ატლეტიკო პარანაენსედან“ თავდამსხმელი ვიქტორ როკე შეიძინა. კატალონიურმა კლუბ,ა 18 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2031 წლის ივნისამდე გააფორმა, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევროა. როკე „ბარსას“ 2024-2025 წლების სეზონის წინ შეუერთდება.
თავდაპირველად „ბარსელონა“ როკეში 35 მილიონი ევროს გადახდას აპირებდა და დამატებით „ატლეტიკო პარანაენსე“ 10 მილიონ ევროს მიიღებდა. თუმცა, შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ „ბარსამ“ შესაძლოა ფიქსირებული გადასახადი 35 მილიონიდან 30 მილიონამდე დააკლოს. თუმცა, „ატლეტიკო პარანაენსემ“ ესპანურ გრანდს ულტიმატუმი წაუყენა, რომ ხელმოწერილი დოკუმენტები 24 საათის განმავლობაში მიეწოდებინა.
საბოლოოდ, კლუბები ტრანსფერზე 8 ივლისს შეთანხმდნენ. „ბარსელონა“ როკეში 30 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო ფეხბურთელის წარმატების შემთხვევაში ბრაზილიელები დამატებით კიდევ 31 მილიონს მიიღებენ. ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 3.5 მილიონი ევრო იქნება.
მიმდინარე სეზონში როკემ „ატლეტიკო პარანაენსეს“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 28 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.





