რამაზ სვანაძე: “მთავარია გუნდმა თავისი სახე და თამაში აჩვენოს”

0
54
რამაზ სვანაძის განცხადებით, მისი გუნდისთვის ყველაზე დიდი მოტივაცია თავისი სახის ჩვენებაა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ამის შესახებ ხვალ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპზე პორტუგალიასთან გასამართ პირველ მატჩამდე გაანცხადა. სვანაძესთან ერთად პრესსკონფერენციას გუნდის კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი დაესწრო.
რამაზ სვანაძე:“თითქმის ორკვირიანი და ნაყოფიერი შეკრება გვქონდა, თავისი ამხანაგური თამაშით. ის მიზნები, რაც შეკრებაზე გვქონდა, შესრულებულია, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. პორტუგალია ხარისხიანი, ტექნიკური გუნდია და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა ჩვენი გეგმები და მიზნები გვაქვს, რაც პირველ რიგში იმას უკავშირდება, რომ მასპინძლები ვართ. ცხადია, ძალიან რთული იქნება, რადგან დებიუტანტები ვართ, მაგრამ დიდი შანსი გვაქვს, რომ ჩვენი თავი და ფეხბურთი წარმოვაჩინოთ.პროგნოზისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ყველასთვის გასაგებია, რომ ნებისმიერი დადებითი შედეგი მისაღები იქნება. მნიშვნელოვანია თამაშის სცენარი. დიდი ხანია ამ ტურნირს ველოდებით, საკვალიფიკაციო ეტაპი არ გვითამაშია, ბოლო ორი წელი ამხანაგურ მატჩებს ვატარებდით და მოლოდინი არსად გამქრალა, პირიქით, გამძრაფრებულია და კიდევ უფრო გამძაფრდება. ყველაზე დიდი მოტივაცია ისაა, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სახე და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა თავისი სახე და თამაში აჩვენოს.
გეგმა მას შემდეგ შეიცვალა, რაც ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მატჩები დაემთხვა. ყველა ცვლილებას ახლავს დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი ისაა, რომ მეტი ფეხბურთელის გამოცდის და საქმეში ნახვის შესაძლებლობა მოგვეცა, ხოლო უარყოფითი ისაა, რომ ახლდა სირთულეები, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ. გუნდში კარგი სიტუაციაა. რამდენიმე ფეხბურთელი პირველი მატჩი შემდეგ შემოგვიერთდება. უნდა აღინიშნოს, რომ აზაროვი, გოჩოლეიშვილი, გაგნიძე, მამარდაშვილი ჩვენთან ადრეც იყვნენ, ასევე ზურიკოც 19-წლამდე ნაკრებში, ასე რომ ადაპტაციის პრობლემა არ მგონია იყოს და დარწმუნებული ვარ, არც იქნება. როდესაც ისინი დაგვემატებიან, გაზრდიან სათამაშო ხარისხს, რწმენას და გამოცდილებას, რაც ძალიან გვჭირდება, რადგან ჩვენი სამივე მეტოქე ძალიან გამოცდილია.
პორტუგალიას, როგორც ეროვნული, ისე ყველა ასაკობრივი ნაკრები ძალიან მაღალი დონის ჰყავს. ტექნიკური და დაბალანსებული გუნდია, თავისი ხარისხით და იდენტობით ერთ-ერთი რთული მეტოქეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენსაც ვეცდებით და მთავარი მიზანია, რომ საკუთარი თავი, ფილოსოფია და იდენტობა წარმოვაჩინოთ.
რა თქმა უნდა, ოფიციალურ გამოცხადებამდე ვიცოდი, რომ კვარაცხელია და მიქაუტაძე ვერ დაგვეხმარებოდნენ, გვქონდა კომუნიკაცია. ამ თემაზე დავაფიქსირე ჩემი აზრი და ის არ შემიცვლია. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ გუნდი ვართ. ცხადია, მათთან ერთად უფრო ძლიერი გუნდი ვიქნებოდით, მაგრამ ვრჩებით გუნდად და ერთ ოჯახად“.
ანზორ მექვაბიშვილი: “ჩვენი შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს. ტრავმა მოვირჩინე და ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ოპტიმალურ ფორმაში ვარ და ხვალ თამაშს შევძლებ. დასაფასებელია ის, როდესაც მეტოქის მწვრთნელი გაქებს. მათ წინა თამაშში ნახეს, თუ რა ძალა გვაქვს, შესაბამისად, ხვალ უფრო მეტი მოტივაცია გვაქვს, რო, კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ. რა თქმა უნდა მოედანზე მოსაგებად გავალთ და ვეცდებით მსოფლიოს ჩვენი თავი ვაჩვენოთ.
ხვიჩა კვარაცხელიამ და და გიორგი მიქაუტაძემ კარგი შედეგები აჩვენეს სეზონის მიმდინარეობისას. ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის გრაფიკი, რომელიც მათ ჰქონდათ. მათ თითქმის ყველა შეხვედრა ჩაატარეს სეზონში. ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ, თუმცა ასეთ დროს ტრავმების საშიშროებაც ძალიან დიდა. რა თქმა უნდა, ეს დიდი დანაკლისია, თუმცა ის ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე იქნებიან, ყველაფერს გაიღებენ რომ შედეგი დააფიქსირონ. „როგორც კაპიტანი, ჩემი ვალია ფეხბურთელებს მატჩის წინ ვუთხრა, რომ ბევრი მაყურებლის წინაშე წნეხი არ განიცადონ და თავიანთი თამაში ითამაშონ. პორტუგალია ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში. მათ სუსტი მხარეები ნაკლებათ აქვთ. ჩვენ კი ვეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ“.