იტალიის სერია A-ში დარჩენისთვის მებრძოლმა „კრემონეზემ“, რომლის ღირსებას ლუკა ლოჩოშვილი იცავს, 44-ე ტურში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „სპეციასთან“ პრინციპული შეხვედრა მოიგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და გუნდის წარმატებაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მატჩის 41-ე წუთზე „სპეციას“ მცველები თავის საჯარიმოს სიახლოვეს შეცდნენ და ამით ჩიოფანიმ ისარგებლა – მეკრესთან პირისპირ დარჩენილმა ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმის დასაწყისში უზბეკ ელდორ შორმურადოვის დარტყმის მერე, ბურთი კრემონელთა კარის ზედა ძელს მოხვდა.
77-ე წუთზე გალდამესმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს მეტოქის შორეულ ძელთან ჩაჰკიდა ბურთი, სადაც ყველას იოჰან ვასკესმა დაასწრო და თავით გაიტანა.
დაარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და „კრემონეზემ“, რომელმაც ამ სეზონში მეოთხე თამაში მოიგო, 24 ქულით 20 გუნდში მე-19 ადგილზეა – მე-18 პოზიციაზე მყოფ „ვერონას“ და მეჩვიდმეტეადგილოსან „სპეციას“ 3 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი




