სომხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის ვარდან მინასიანის დებიუტი საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წარუმატებელი აღმოჩნდა. მე-6 ტურში „თელავი“, რომელსაც სომეხი სპეციალისტი საათავეში ცოტა ხნის წინ ჩაუდგა სტუმრად ქუთაისის „ტორპედოსთან“ 1:2 დამარცხდა.
სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ქუთაისელებს ანგარიშის გახსნა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე შეეძლოთ. მარცხენა ფრთიდან მასპინძლების შეტევას თელაველთა საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, სადაც ვაჟა ფაცაციასთან ორთაბრძოლაში ნიკა კაჭარავა წაქიცა და მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა პენალტი დანიშნა. გიორგი კუხიანიის შესრულებული თერთმეტმეტრიანი მეკარე ლევან თანდილაშვილმა მოიგერია.
50-ე წუთზე ქუთაისელთა შეტევის დროს, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ირაკლი ბუღრიძემ ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიცილა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.
66-ე წუთზე ელდარ პარკინაშვილმა მარჯვენა ფლანგზე დანიშნული ჯარიმის შესრულების დროს ვურთი „ტორპედოს“ კარის ახლოს ჩაჰკიდა, სადაც ყველას ფაცაციამ დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
კახა ჩხეტიანის გაწვრთნილ გუნდს სამი ქულა პორტუგალიელმა მცველმა პედრო მონტეირომ მოუტანა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ლევან გეგეჭკორის ჩაწოდებულ ბურთი თავი შეაგება – 2:1.
„ტორპედომ“ თავი 12 ქულას მოუყარა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო „თელავი“ 5 ქულით მეშვიდეა.
ომართ თეთრაძის ხელმძღვანელობით მიმდინარე სეზონში „საბურთალომ“ მეორე შეხვედრა მოიგო.
გაგრელებისთვის რუსთავში მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გამართული მატჩი უიბღლოდ დაიწყო. მე-3 წუთზე მასპინძელთა ფორვარდი იური ტაბატაძე წინ გამოსულმა მეკარე ნიკა ქავთარაძემ წააქცია და ეს უკანასკნელი გააძევეს.
ამის გამო გაგა „გაგრას“ მთავარმა მწვრთნელმა კირკიტაძემ ნახევარმცველი ლუკა ჩაგანავა უკრაინელმა გოლკიპერმა ოლექსანდრ ვორობეიმ შეცვალა. 34-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა პასი საჯარიმოში გახსნილ თავის ძმა ოთარ მამაგეიშვილმა მისცა, რომელმაც „ცაციათი“ „ცხრიანში“ გაიტანა – 1:0.
42-ე წუთზე კახაბერ კაკაშვილმა თავის საჯარიმოში მალელი თავდამსხმელი შეიკნე სილა წააქცია და არბიტრ ირაკლი კვირიკაშვილის დადებული პენალტი ტაბატაძემ გამოიყენა.
62-ე წუთზე „საბურთალოს“ ექსმცველმა ლევან კაკუბავამ „გაგრას“ საჯარიმოში ოთარ მამაგეიშვილი წააქცია და მსაჯმა მეორე პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანის დარტყმა არავის დაანება გიორგი კოხრეიძემ, რომელმაც გუნდში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
„საბურთალო“ 9 ქულით მეოთხე ადგილზეა, „გაგრა“ კი 1 ქულით ბოლოა.
მე-6 ტურის პირველი სათამაშო დღის ბოლო შეხვედრაში უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს დამოძღვრილმა “დილამ” “სამტრედია” მიიღო და 1:0 აჯობა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე ბიძინა მახარობლიძემ გაიტანა, რომელმაც ბარბადოსელი ტიერი გეილის გადაცემა გამოიყენა. “დილა” 9 ქულით მე-5 პოზიციაზეა, გიორგი შაშიაშვილის წინამძღოლობით “სამტრედიას” 4 ქულა აქვს და მერვეა.
ლაშა თაბაგარი





