ფიფამ ლუკა ლოჩოშვილი დააჯილდოვა

0
55

საქართველოს ეროვნული ნაკრების და იტალიის „კრემონეზეს“ მცველი ლუკა ლოჩოშვილი ფიფას 2022 წლის სამართალიანი თამაშის (Fair Play) პრიზი გადასცეს. მან გამოკითხვაში  ვფრანგ ნახევარმცველ ედუარდო კამავინგას („რეალი“) და სენეგალელ სადიო მანეს („ბაიერნი“) აჯობა.
შარშან ავსტრიის „ვოლსფბერგერში“ თამაშის დროს ლოჩოშვილმა ბუნდესლიგის 21-ე ტურში სტუმრად ვენის „აუსტრიასთან“ წაგებულ შეხვედრაში მეტოქის სიცოცხლე იხსნა.
შეხვედრის 90-ე წუთზე მასპინძელ ფეხბურთელ გეორგ ტაიგლს თავში ნიკოლას ვერანგიჩის მუხლი მოხვდა და მოედანზე უგონოდ დაეცა. მასთან სასწრაფოდ საქართველოს ნაკრების მცველმა მიირბინა, გვერდზე გადააბრუნა და ენა დაუჭირა, რომ არ გადაეყლაპა. ამის შემდეგ ტაიგლთან სამედიცინო პერსონალიც მივიდა და გონზე მოიყვანეს.
ლოჩოშვილი „კრემინეზეს“ შემადგენლობაში იტალიის სერია A-ს მორიგი ტურის მატჩისთვის ემზადებიდა და ამიტომ, პრიზის მისაღებად პარიზში გამართულ FIFA THE BEST-ის დაჯილდოვებას ვერ დაესწრო.
თუმცა, იტალიიდან დაჯილდოვებაზე ვიდეოთი ჩაერთო და პრიზისთვის მადლობა გადაიხადა:
„მიხარია ამ ჯილდოს მიღება, მაგრამ ყველაზე მეტად სიცოცხლის გადარჩენა მახარებს, რაც ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანია”.
ლოჩოშვილი ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ოდესმე ფიფას ჯილდო მიუღია.
მანამდე, უეფას გადაწყვეტილებით საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ Equal Game-ს (“თანასწორი თამაში”) ჯილდო მიიღო, რადგან ჰოლანდიური „ვიტესის “ რიგებში ასპარეზობისას,  ისევე როგორც სხვა გუნდების კაპიტნებმა, ცისარტყელის ფერებში შემოსილი სამკლაური გაიკეთა, რითაც ლგბტ თემს მხარი დაუჭირა.


ლაშა თაბაგარი