თორნიკე შენგელიამ მეორე პრინციპული მატჩი მოიგო და ნაკრებს დაუბრუნდა

0
45

თორნიკე შენგელიამ ორ დღეში ორი სუპერმატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო – 23 თებერვალს ალმერეში საქართველოს ნაკრებს ნიდერლანდები დამარცხებინა, მეორე დღეს კი ბოლონიაში “ვირტუსს “ევროლიგაში დიდად პრინციპულ შეხვედრაში დაეხმარა. “ვირტუსმა” “ბასკონიას” დაძაბულ შეხვედრაში 88:83 სძლია და პლეი ოფში გასასვლელ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ორი ქულა შეიმატა.
შენგელია მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.საერთო შედეგიანობით ბოლონიელთაგან მასზე მეტი მხოლოდ მილოშ თეოდოსიჩმა მოინაგრა. თორნიკეს ბევრი არ უთამაშია, მოედანზე 18:33 წუთით გავიდა, რა დროშიც 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა. სერბმა გამთამაშებელმა, მილოშ თეოდოსიჩმა ბოლონიელებს 17 ქულითა და 7 პასით ულიდერა.
შენგელია მატჩის შემდეგ თანაგუნდელებს გამოემშვიდობა და ჩარტერული რეისით თბილისში გამოემგზავრა, რათა საქართველოს ნაკრებს ისლანდიასთან უმნიშვნელოვანეს მატჩში დაეხმაროს, რომლის მოგების შემთხვევაშიც ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე.
შენგელია 25 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ისლანდიასთან წინასამატჩო ვარჯიშს ჩაატარებს.