ილიას ზუროსი: “რთული თამაში გველის და მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება”

0
63

ბოლო ვარჯიში ნიდერლანდებთან მატჩამდე – ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები თამაშის წინა დღეს სრული დატვირთვის ავარჯიშა.ეს გახლდათ თორნიკე შენგელიას პირველი ვარჯიში, რომელმაც ძირითადად სათამაშო დეტალების დამუშავებით, კომბინაციების გათამაშებით და ბლომად ფარში სროლების ფონზე ჩაიარა.
საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ნიდერლანდებთან ასე გამოიყურება: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, თორნიკე შენგელია, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი შერმადინი, ბექა ბექაური, ილია ლონდარიძე.
თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო, საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებში რომ ჩამოვიდა. Topsportscentrum არენა, რომელიც 3000 მაყურებელს იტევს, სავსე იქნება. მასპინძლებს დიდი მხარდაჭერა ექნებათ და ჩვენს ნაკრებს იოლი გასეირნება რომ არ ელის, ეს ჩვენი გუნდის ყველა წევრს გაცნობიერებული აქვს.
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას 22:30 საათიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
 “მომავალი მატჩისთვის მზადება ფაქტობრივად დასრულებულია. ძალიან რთული თამაში გველის და მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. ნიდერლანდებს ახალი მწვრთნელი და კალათბურთელები ჰყავს, რომლებიც სწრაფად ირჯებიან და კარგად ესვრიან, ამდენად, მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ და თამაშის ტემპი ვაკონტროლოთ.
ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რადგანაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. ეს გამარჯვება საშუალებას მოგვცემს, უკვე სახლში ვითამაშოთ გადამწყვეტი მატჩი, რომელმაც შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გაგვიყვანოს. ეს ყველასთვის დიდი გამოწვევაა. იმედი მაქვს, რომ კარგად ვითამაშებთ, განსაკუთრებით დაცვაში და ქართული კალათბურთისთვის და სრულიად ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მატჩს მოვიგებთ”.