ომარ პატარკაციშვილი ,,სამგურალში“ 2020 წლიდან თამაშობს და ამ ხნის მანძილზე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, მას შეტევებში ჩართვა და გოლების გატანაც კარგად გამოსდის. გასულ სეზონში პატარკაციშვილმა მეტოქეთა კარში სამი გოლი გაიტანა, რაც ცენტრალური მცველისთვის მშვენიერი მაჩვენებელია. ,,ბუბუ“ ახლა გუნდთან ერთად ანთალიაში ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ემზადება და წყალტუბოელთა ვებგვერდს ინტერვიუ მისცა.
– როგორ მიდის მზადების პროცესი, რამდენად რთულია ეს პერიოდი ფეხბურთელისთვის?
– მზადების პროცესი ძალიან კარგად მიდის. პირველი შეკრებაა და დიდი დატვირთვები გვაქვს. საკმაოდ რთული პერიოდია, მაგრამ ყველანაირი პირობაა იმისთვის რომ, ვარჯიშებს შორის ძალები კარგად აღვიდგინოთ. რაც მთავარია, შეკრება სერიოზული ტრავმების გარეშე მიდის და ყველა ფეხბურთელი მწყობრშია.
– სეზონის წინ გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნა. რა შეიცვალა გიორგი ჭელიძის მოსვლის შემდეგ? ვარჯიშების დროს აქცენტი ძირითადად რაზე კეთდება ?
– როდესაც ახალი მწვრთნელი მოდის, ყოველთვის არის ცვლილება. ყველას თავისი ხედვა აქვს. გიორგი ცდილობს, გასულ წელს რა ასპექტშიც კარგები ვიყავით, ის შეგვინარჩუნოს და დავამატოთ ახალი დეტალები, რაც, წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. ამ ეტაპზე, ძირითადი აქცენტები ბურთის კონტროლზე და სწრაფ თამაშზე კეთდება.
– გუნდს რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაემატა. შეთამაშების პროცესი როგორ მიმდინარეობს და როგორი განწყობაა გუნდში?
– ძალიან კარგი პერსპექტიული ფეხბურთელები დაგვემატნენ, რომლებიც აუცილებლად გაგვაძლიერებენ. ვფიქრობ, შეთამაშების პროცესი კარგად მიდის, ყველა მონდომებულია და ადაპტაციის გავლაში ჩვენც მაქსიმალურად ვეხმარებით. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა.
– ანთალიაში რამდენიმე ამხანაგური მატჩი გაქვთ დაგეგმილი. რას იტყვი მეტოქეებზე, როგორ სპარინგებს ელოდებით?
– ჯერჯერობით ყველა მეტოქის ვინაობა არაა ცნობილი, მაგრამ რაც ვიცით, საკმაოდ ძლიერი გუნდები არიან და კარგი სპარინგები უნდა გამოვიდეს. საკონტროლო შეხვედრები დაგვეხმარება გავიგოთ, თუ რა დონეზე ვიმყოფებით, რაში ვართ ძლიერები და რა ნიუანსები გვაქვს გასაუმჯობესებელი.
– შეკრებაზე მთავარი ფიზიკური მომზადება, ტაქტიკური და ტექნიკური ნიუანსების დახვეწაა. თუმცა, გულშემატკივრები სპარინგებში გამარჯვებას ელოდებიან. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ამხანაგური მატჩების შედეგები?
– რა თქმა უნდა, შეკრებაზე მთავარი ისაა, რომ სეზონისთვის კარგად მოემზადო, მაგრამ, როდესაც სათამაშოდ გადიხარ, ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია შედეგიც. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ და ვეცდებით გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოგვიყალიბდეს.
– გასულ წელს ,,სამგურალს“ ერთი ნაბიჯი დააკლდა სამეულამდე და შესაბამისად, ევროტურნირებამდე. ჯერ ალბათ, ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ წელს რა მოლოდინი გაქვს?
– ნამდვილად, შარშან ძალიან ცოტა დაგვაკლდა მიზნის მიღწევამდე, მაგრამ რაც მთავარია, გუნდი განაგრძობს განვითარებას. საკმაოდ გავძლიერდით და აუცილებლად ვიბრძოლებთ მაღალი მიზნებისთვის, როგორც ჩემპიონატში ასევე, დავით ყიფიანის სახელობის თასზე. აღსანიშნავია, რომ სხვა გუნდებიც საკმაოდ გაძლიერდნენ და ვფიქრობ, წინ საინტერესო სეზონი გველოდება.
