„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი იტალიის სერია A-ში მოპოვებული გამარჯვებათა რაოდენობით რეკორდსმენია.
გუშინ, სპალეტის გაწვრთნილებმა მე-19 ტურში სტუმრად „სალერნიტანა“ 2:0 დაამარცხეს. მისთვის მწვრთნელის რანგში ეს გამარჯვება 276-ე აღმოჩნდა და
კარლო ანჩელოტის მიღწევა გააუმჯობესა.
მან მწვრთნელობა 1994 წელს „ემპოლიში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ „სამპდორიას“, „ვენეციას“, „ანკონას“, „უდინეზეს“, „რომას“, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ და მილანის „ინტერს“ ავარჯიშებდა.
სპალეტიმ „რომას“ 2-ჯერ იტალიის თასი, ხოლო ერთხელ სუპერთასი მოაგებინა. მისი ხელმძღვანელობით „ზენიტმა“ რუსეთის ჩემპიონატში 2-ჯერ გაიმარჯვა, ამდენჯერვე რუსეთის თასი აიღო, ხოლო ერთხელ – სუპერთასი.
ამჟამად, „ნაპოლი“ 50 ქულით იტალიის ჩემპიონატის ლიდერია. ნეაპოლელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, რომელმაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი გამოიმუშავა.
