შენგელიას შედეგიანი მატჩი და მარცხი “ოლიმპიაკოსთან”

0
22

საკალათბურთო ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-19 ტურში, თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა” პირეოსის “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში მე-11 მარცხი იწვნია.
ბოლონიელთა ქართველმა ფორვარდმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მატჩის ანგარიშიც სწორედ შენგელიამ გახსნა, თუმცა ამის შემდეგ, სტუმრები უფრო გააქტიურდნენ და 10-ქულიანი გაქცევა მოაწყვეს. მეოთხედის მიწურულს კი “ვირტუსმა” თამაში გამოასწორა და საბოლოოდ, პირველი პერიოდი საყაიმო ანგარიშით დასრულდა.
მეორე მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ბერძნებმა დიდი შესვენების წინ მცირე უპირატესობა მიიღეს და ტაიმი ოთხი ქულით მოიგეს. ბერძნულმა კლუბმა ტემპი არც მესამე მეოთხედში დააგდო და უპირატესობა ათ ქულამდე გაზარდა. გადამწყვეტ მეოთხედში “ვირტუსმა” ჩამორჩენა აღმოფხვრა და მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ანგარიშში წინ გასვლაც შეძლო, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და საბოლოოდ, ორი ქულის სხვაობით, 83:85 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულით, 5 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოირჩა.
ევროლიგაში “ვირტუსს” 8 მოგების წილ 11 მარცხი აქვს და ცხრილში მე-13 ადგილზეა.