გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ მისი „ვალენსია“ ესპანეთის სუპერთასის ფინალში ვერ გავიდა.
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის მეფე ფაჰდის სახელობის სტადიონზე სუპერთასის ნახევარფინალში ვალენსიელები მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდნენ და პენალტების სერიასი წააგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა. მან პირველი ხიფათი ტაიმის შუაწელში გაანეიტრალა, როდესაც ქარიმ ბენზემას მახვილი კუთხიდან არ გაატანინა. 39-ე წუთზე ჩომერტმა თავის საჯარიმოში ბენზემა წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ფრანგმა გოლად აქცია.
46-ე წუთზე ტონი ლატომ მარჯვენა ფლანგიდან საუცხოო გადაცემა გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში მყოფ სამუელ ლინოს, რომელმაც ლუკას ვასკესის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.
ძირითადი დროის მიწურულს მადრიდელთა ძალიან კარგი კომბინაციის შემდეგ ვინისიუს ჟუნიორი მამარდაშვილთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ქართველმა მისი დარტყმული გაანიეტრალა. ამის შემდეგ, ვალვერდემ შორი „მანძილიდან“ გაისროლა და მამარდაშვილმა ისევ იყოჩაღა.
დამატებულ დროში ვინისიუს ჟუნიორმა საჯარიმოს გარედან ძალიან სახიფათოდ დაარტყა და მამარდაშვილმა მისგან მარცხენა კუთხეში წასული ბურთი ნახტომში მოიგერია. დამატებითი დროის მიწურულს ტონი კროოსის ძლიერი დარტყმის მერე, ქართველი გოლკიპერი ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
„რეალმა“ პენალტების სერია უნაკლოდ შეასრულა და 4:3 გაიმარჯვა. მადრიდელები ფინალში „ბარელონასა“ „ბეტისს“ შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
ბენზემამ „რეალის“ მაისურით ბოლო 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მან ესპანეთის სუპერთასზე თავი ზედიზედ 5-ჯერ გამოიჩინა – ფრანგზე უკეთესი შედეგი „ბარსელონას“ ყოფილ თავდამსხმელ ლიონელ მესის აქვს, რომელმაც 8 გოლი მიითვალა.
ანჩელოტის ხელმძღვანელობით „რეალმა“ მე-200 მატჩი ჩაატარა. იტალიელი სპეციალისტი ამ მაჩვენებლით მხოლოდ მიგელ მუნიოსს, ზინედინ ზიდანსა და ვისენტე დელ ბოსკეს ჩამორჩება.




