ჯანლუკა ვიალი გარდაიცვალა

0
21

იტალიის ეროვნული ნაკრების, გენუას „სამპდორიას“, ტურინის „იუვენტუსის“ და ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი თავდამსხმელი ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის 2017 წლიდან კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრიასის) სიმსივნით დაავადებული იყო. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
ვიალიმ 1985-1992 წლებში იტალიის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 59 მატჩში 16 გოლი გაიტანა – 1988 წელს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგო, ხოლო 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონატის.
მან „სამპდორიაში“ 6 ტიტული მოიგო – ერთხელ იტალიის ჩემპიონატი, 3-ჯერ იტალიის თასი, ერთხელ იტალიის სუპერთასი და ევროპის თასების მფლობელთა თასი. ამასთანავე, „სამპდორიას“ შემადგენლობაში თითოჯერ ჩემპიონთა ლიგის და თასების მფლობელთა თასის ფინალში ითამაშა.
ვიალიმ „იუვენტუსთან“ ერთად 5 ტურნირში გაიმარჯვა – იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, უეფას თასი და ჩემპიონთა ლიგა.
იტალიელმა ფეხბურთელმა „ჩელსისთან“ ერთად ინგლისის ასოციაციის თასზე, ლიგის თასზე და თასების მფლობელთა თასზე გაიმარჯვა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის „უოტფორდს“ და ლონდონის „ჩელსის“ ავარჯიშებდა. ვიალიმ ლონდონელებს ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი ააღებინა.
ვიალის პატივსაცემად იტალიის ჩემპიონატის მომავალი ტურის ყველა შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება.