გიორგი მამარდაშვილის მოგერიება ლა ლიგაში ზედიზედ საუკეთესოდ მეორედ დაასახელეს. ნახსენები ტურნირის ოფიციალურმა youtube გვერდმა ტრადიციულად ტურის შემდეგ 5 საუკეთესო მოგერიების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ისევ პირველ ადგილზეა.
მე-6 ტურში „ვალენსიამ“ თავის მოედანზე „სელტა“ 3:0 დაამარცხა. 72-ე წუთზე სტუმრებმა ჯარიმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა და ლარსენის თავურის შემდეგ საუცხოოდ ითამაშა მამარდაშვილმა, რომელმაც ნახტომში „ვალენსია“ გოლის გაშვებას გადაარჩინა.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის მოგერეიება ასევე საუკეთესოდ მე-5 ტურში სტუმრად „რაიო ბალეკანოსთან“ შეხვედრაში აღიარეს. იმ მატჩის მე-15 წუთზე „რაიოს“ შეტევის დროს ოსკარ ტრეხო მამარდაშვილთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი სტუმართა მეკარემ ფეხით მოიგერია, ხოლო მანუ გარსიას დამატებულს წინ ისევ ჩვენი ეროვნული გუნდის დარაჯი აღუდგა.





