ლუის სუარესის დამატების სურვილი ერთბაშად რამდენიმე კლუბს აქვს, იუწყება The Mirror.
კერძოდ, ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფორვარდის თავის რიგებში ხილვა ინგლისურ „ასტონ ვილას“ და „ვულვზს“, ამსტერდამის „აიაქსს“, ფრნაგულ „ნიცას“ და „მარსელს“ სურთ.
35 წლის ფეხბურთელი ამჟამად მშობლიურ „ნასიონალში“ გამოდის, რომელსაც ზაფხულში მას მერე მიაშურა, რაც მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
სუარესი კარიერის განმავლობაში ნიდერლანდების „გრონინგენში“, ამსტერდამის „აიაქსში“, „ლივერპულში“, „ბარსელონაში“ და მადრიდის „ატლეტიკოში“ გამოდიოდა.
ის 5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა – 4-ჯერ „ბარსელონას“ შემადგენლობაში, ხოლო ერთხელ – „ატლეტიკოს“. მან „ბარსას“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო, ხოლო ურუგვაის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2011 წელს კოპა ამერიკაზე გაიმარჯვა.
სუარესმა საკლუბო კარიერის განმავლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 740 მატჩში 456 გოლი გაიტანა. მან ურუგვაის ნაკრებში 132-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 68-ჯერ აიღო.





