ერთა ლიგის A ლიგის მე-3 ჯგუფში ჩატარებულ მე-4 ტურში ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ქალაქ ვულვერჰემპტონში უნგრეთი მიიღო და 0:4 წააგო.
სტუმრები მე-16 წუთზე შალაიმ დააწინაურა, რომელმაც 70-ე წუთზე დუბლი შეასრულა. მე-80 წუთზე ნადიმ ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა, ხოლო 89-ე წუთზე წერტილი გაზდაგმა დასვა.
ინგლისის ნაკრებს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯერ არ მოუგია – 2 ფრე და მარცხი, ხოლო ბურთების შეფარდება 1:6. გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო პირველ პოზიციაზე იტალიელი მარკო როსის დამოძღვრილი უნგრეთია 7 ქულით.
მე-3 ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში გერმანიამ იტალია მიიღო და 5:2 სძლია. მასპინძლები მე-10 წუთზე კიმიხმა წინ გაიყვანა, პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე კი, გიუნდოგანმა პენალტი გამოიყენა – 2:0. 51-ე წუთზე თავი თომას მიულერმა გამოიჩინა, რასაც 68-ე და 69-ე წუთზე ვერნერის შესრულებული დუბლი მოჰყვა. 78-ე წუთზე იტალიელებიდან ერთი ბურთი გნონტომ გაქვითა, რომელიც 18 წლისა და 222 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც „სკუადრა აძურას“ მაისურით მეტოქის კარი აიღო. მანამდე, რეკორდი ბრუნო ნიკოლეს ეკუთვნოდა, რომელმაც 1958 წელს საფრანგეთის ნაკრებს 18 წლისა და 259 დღის ასაკში გაუტანა.
იტალიის ნაკრებმა ერთ მატჩში 5 გოლი 1957 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. მაშინ, 12 მაისს ცენტრალური ევროპის თასის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრაში იტალიელები იუგოსლავიასთან 1:6 დამარცხდნენ.
გერმანიამ სამბურთიანი სხვაობით იტალია მესამედ დაამარცხა. ბუნდესნაკრებმა გუშინდელ მატჩამდე “სკუადრა აძურას” 1939 წელს 5:2 აჯობეს, ხოლო 2016 წელს – 4:1. გარდა ამისა, გერმანიამ ერთა ლიგის ფარგლებში ჩატარებულ მატჩებში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო.






