“საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გუშინ გადამდგარმა ლევან კორღალიძემ თბილისური კლუბის ვებგევრდთან თავისი გადაწყვეტილების მიზეზი დააკონკრეტა.
– ლევან, „საბურთალო“ ურთიერთშეთანხმების შედეგად დატოვეთ. შეგიძლიათ გვითხრათ რის გამო?
– რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ვფიქრობ ასე ჯობდა. „საბურთალოდან“ ფინანსური პრობლემების გამო არ წავსულვარ. ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, რა ჩანაფიქრიც გვქონდა და რა შედეგსაც ვისახავდით, არ გამოვიდა. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება რომ გუნდიდან წავსულიყავი. რა თქმა უნდა, ჩავაყენე კლუბის ხელმძღვანელობა საქმის კურში და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება.
– დაიწერა, თითქოს 5-6 თვის დავალიენებაა კლუბში…
– ტყუილია, არ ვიცი ვის სჭირდება მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. ორი კვირის დავალიანება იყო გუნდში, რომელიც უკვე დაიფარა. ზოგადად, ქართულ ფეხბურთში და ყველა კლუბშია გარკვეული სახის პრობლემები,
–“საბურთალოსთან” ერთად ტიტული მოიგეთ. აღნიშნული თასი პირველია თქვენს სამწვრთნელო კარიერაში. როგორ გაიხსენებთ?
-“საბურთალოში” მუშაობისას, კლუბის ხელმძღვანელობა ყოველთვის გვერდში მედგა, მინდა მათ მადლობა გადავუხადო. მწვრთნელის რანგში, ჩემთვის პირველი ტიტული იყო და არასდროს დამავიწყდება. მოხარული ვარ, რომ “საბურთალოსთან” ერთად დავით ყიფიანის სახელობის თასი მოვიგე და გუნდმა ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა.




