ტურის ცენტრალურ მატჩში „დილამ“ „საბურთალოს“ სძლია

0
27

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში შედგა, სადაც ადგილობროვმა „დილამ“ თბილისის „საბურთალო“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს შეგირდებმა ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე გაიტანეს – ფრანსისკო მადინგმა მარცხენა ფრთიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა პაატა ღუდუშაურმა დავით უბილავას საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და თავით ზუსტად დაარტყა. აქვე გეტყვით, რომ გორელთა რიგებში უკრაინელი მეკარის დანილო კანევცევის დებიუტი შედგა, რომელიც გუნდს მიმდინარე კვირაში შეურთდა. “საბურთალომ” თამაში 10 კაცით დაასრულა, რადგან 87-ე წუტზე უხეშობისთვის გიორგი ჩადუნელი გააძევეს.
„დილამ“ თავი 12 ქულა მოუყარა და მეორე ადგილზე, ხოლო ლევან კორღალიძის თავკაცობით „საბურთალომ“ თავი 7 ქულა მოუყარა და მე-7 ადგილზე ჩამოქვეითდა.
თბილისურს დერბიში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ კახა ცხადაძის გაწვრთნილმა „დინამომ“ „ლოკომოტივი“ მიიღო და 2:1 აჯობა. მასპინძლებიდან 28-ე წუთზე ანგარიში ბელარუსმა დმიტრი ანტილევსკიმ გახნა, რომელმაც უკრაინელი სტანისლავ ბილენკისგან ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და „ცხრიანში“ ძლიერად დაარტყა – 1:0.
„ლოკომოტივმა“ საპასუხო ბურთი 42-ე წუტზე გაიტანა, როდესაც ბექა დარცმელიას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ დინამოელთა საჯარიმოში ბექა ნუიღლიშვილმა ბურთი ერთი შეხებით გააჩერა, ხოლო მეორეთი კარში გადაგზავნა – 1:1.
65-ე წუთზე ნიკა მალიმ სტუმართა საჯარიმოში ანტილევსკის მოძებნა, რომელმაც „რაბონათი“ პასი გაუკეთა თორნიკე კირკიტაძეს, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით „დინამო“ დააწინაურა – 2:1. ეს გოლი მატჩში საბოლოო აღმოჩნდა და „დინამომ“ 3 ქულა ჩაიაწერა. ცხადაძის გუნდი 9 ქულით მესამეა, ხოლო „ლოკომოტივი“, რომელსაც ჯერ თამაში არ მოუგია, ერთი ქულით ბოლოა.