„ტორპედო“ შინ დამარცხდა – ცეცაძე გულშემატკივრებთან დაპირისპირებისთვის გააძევეს

0
35

ქუთაისის „ტორპედომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე თამაში წააგო. მე-6 ტურში „იმერულ დერბიში“ გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 0:2 წააგო.
მე-14 წუთზე მარჯვენა ფლანგზე დანიშნული საჯარიმო დარტყმა გიორგი თევზაძემ შეასრულა, რომელმაც ბურთი მეტოქის კარის შორეულ კუთხესთან ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა ომარ პატარკაციშვილმა თავით გაიტანა – 0:1.
35-ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ შორი მანძილიდან „ჯარიმა“ დაარტყმა და დინო ჰამზიჩს ბურთი ხელიდან გაუვარდა, რასაც მამია გავაშელიშვილს პასი მოჰყვა, ხოლო ნადარაიას ფეხიდან ბურთი დავით მაისაშვილს მიუვიდა, რომელმაც კარისკენ ზურგით მდგომმა „მაკრატელა“ გაიტანა – 0:2.
მეორე გოლის გაშვების შემდეგ „ტორპედოს“ გულშემატკივრების ნაწილმა, რომლებიც მთავარ მწვრთნელ ცეცაძის მიმართ უარყოფითად არიან განწყობილი, მას სიტყვიეი შეურაცხყოფა მიაყენეს, თავის მხრივ მწვრთნელმა „ხურდა“ დაუბრუნა, რის გამო, მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა გააძევა.
მე-60 წუთზე “ტორპედოს” შემადგენლობაში შეცვლაზე ბექა ვაჩიბერაძე შევიდა. 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი საქართველოში დაიბადა და უკრაინაში საცხოვრებლად 11 წლის ასაკში გადავიდა. ის თავიდან „ჩერნომორეცის“ აკადემიაში ვარჯიშობდა, ხოლო შემდეგ დონეცკის „შახტარის“ 19-წლამდელთა გუნდის კაპიტანი იყო. მას უკრაინის 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია.
ვაჩიბერაძე კარიერის განმავლობაში ასევე ესპანეთის „ბეტისის“ მეორე გუნდში, ლატვიის „რიგასში“ და ბელგიის „ლომელში“ გამოდიოდა.
მის გარდა “ტორპედოში” დებიუტი გიორგი არაბიძესაც ჰქონდა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.
„ტორპედომ“ ამ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებული 4 თამაშიდან 3 წააგო და 1 მოიგო – 3 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა, ხოლო გიორგი მიქაძის გაწვრთნილი „სამგურალი“ 7 ქულით მესამეა.