ტულას „არსენალმა“, სადაც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში ქულა სამარაში აიღო.
ტულელები ადგილობრივ „კრილია სოვეტოვს“ დაუპირისპირდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იგებდნენ, მხოლოდ ფრეს გამორჩნენ – 2:2. დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს. „არსენალი“ 20 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას 23-ე ტურში „კრაკოვია“, რომლის ღირსებას ოთარ კაკაბაძე იცავს, სტუმრად ზაბჟეს „გურნიკთან“ 0:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. „კრაკოვია“ 31 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 პოზიციაზეა.
სამხრეთ კორეის K ლიგა 2-ის მე-3 ტურში „ჯეონამმა“ „ასანი“ მიიღო და გუნდები უგოლოდ დაშორდნენ. ქართველი თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა სათადარიგო იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. „ჯეონამს“ 1 ქულა აქვს და 11-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.





