2023 წელს ფეხბურთში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ დროებითი სამთავრობო კომისია შეიქმნება. ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა:
“მინდა გაცნობოთ, რომ 2023 წელს 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად ვუმასპინძლებთ. მატჩები თბილისში, ბათუმში და ქუთაისში გაიმართება. საქართველოში 8 ქვეყნის გუნდი ჩამოვა და ფინალური მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება , რომელიც საქართველოს მთავრობამ დააფინანსა. ეს იქნება 2023 წელს დიდი მოვლენა. ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი ჩამოვა და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს მათი ხილვის საშუალება ექნება. თეა წულუკიანთან ერთად, მე შევხვდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს, ლევან კობიაშვილს. ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე და ვთქვით, რომ საჭიროა დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნა. სწორედ ამიტომ დღეს შეიქმნება დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც ამ ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას ორგანიზებას გაუწევს “.
