ლევანდოვსკი ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელია – სანიოლის და კანკავას სამეულები

0
53

ფიფამ 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა. ციურიხში გამართულ FIFA THE BEST-ის დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც კოვიდ პანდემიის გამო ისევ ონლაინ ჩატარდა, განვლილი წლის ნომერ პირველ მოთამაშედ მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დაასახელეს, რომელმაც ზედიზე მეორედ გაიმარჯვა. მან არგენტინელ ლიონელ მესის (პსჟ) და  ეგვიპტელ მოჰამედ სალაჰს (“ლივერპული”) აჯობა.
ფიფამ ტრადიციულად საუკეთესოს გამოსავლენად თავისი წევრი ქვეყნების ეროვნული ნაკრების მწვრთნელები და კაპიტნები გამოკითხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის სამეულები ასეთია: ქარიმ ბენზემა (“რეალი”), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”), კილიან მბაპე (პსჟ).
მწვრთნელებს რაც შეეხება, ფრანგის სპეციალისტი სამეული ასე გამოიყურება:
რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები), ჰანსი ფლიკი (გერმანიის ნაკრები), თომას ტუხელი (“ჩელსი”).
საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტნის ჯაბა კანკავას არჩევანი ასე გამოიყურება:
ლიონელ მესი (პსჟ), ნგოლო კანტე (“ჩელსი”), ჟორჟინიო (“ჩელსი”).
კანკავამ მწვრთნელების შემდეგ სამეული დაასახელა: რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები), ჰანსი ფლიკი (გერმანიის ნაკრები), თომას ტუხელი (“ჩელსი”).
2021 წლის საუკეთესო მწვრთნელად ლონდონის „ჩელსის“ გერმანელი თავკაცი თომას ტუხელი აღიარეს. მას გამოკითხულებმა უპირატესობა იტალიის ეროვნული ნაკრების დამრიგებელ რობერტო მანჩინისა და „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელ ესპანელ პეპ გვარდიოლასთან შედარებით მიანიჭეს.
2021 წლის საუკეთესო მეკარე ლონდონის „ჩელსის“ გოლკიპერი კამერუნელი ედუარ მენდი გახდა, რომელმაც გერმანელ მანუელ ნოიერს („ბაიერნი“) და იტალიელ ჯანლუიჯი დონარუმას (პსჟ) აჯობა.
წლის საუკეთესო გოლის ავტორისთვის განკუთვნილი ფერენც პუშკაშის სახელობის პრემია „სევილიას“ არგენტინელმა ლეგიონერმა ერიკ ლამელამ მიიღო, რომელსაც გასულ წელს „ტოტენჰემის“ მაისურით ლონდონის „არსენალის“ კარში გატანილი რაბონა დაუფასეს. მან გამოკითხვაში ჩეხ პატრიკ შიკზე („ლევერკუზენი“), რომელმაც ევრო-2020-ზე შოტლანდიას გოლი ცენტრიდან გაუტანა და ირანელ მეჰდი ტარემიზე („პორტუ“), ვინცს „ჩელსისტან“ შეხვედრაში „მაკრატელა“ გაიტანა, მეტი ხმა მიიღო.
ფიფამ კრიშტიანუ რონალდუს სპეციალური პრიზი გადასცა, როგორც მოთამაშეს რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა – 115. სხვებისგან განსხვავებით რონალდუ ციურიხში იყო და ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსგან ჯილდო პირადად მიიღო.
ფიფას მიერ დაწესებული fair play-ს პრიზი დანიის ეროვნულმა ნაკრებმა და მისმა სამედიცინო შტაბმა მიიღო.
წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის პრიზი ესპანეთის “ბარსელონას” მოთამაშე ალექსია პუტელიასმა მიიღო, რომელიც გასული წლის “ოქროს ბურთის” მფლობელიცაა.
წლის საუკეთესო ქალ მწვრთნელად “ჩელსის” დამრიგებელი ემა ჰეიესი აღიარეს.
ფიფას მიერ შედგენილი 2021 წლის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
დონარუმა, ალაბა, დუბენ დიაში, ბონუჩი, ჟორჟინიო, კანტე, დე ბრუინი, კრიშტიანუ რონალდუ, ჰოლანდი, ლევანდოვსკი, მესი.