„ტორპედო“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დამატებით დროში დარჩა

0
22

ქუთაისის „ტორპედომ“ კრისტა;ბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. პლეი-აუტის პირველ შეხვედრაში გია ცეცაძის შეგირდები სტუმრად ცოტნე მონიავას გაწვრთნილ მარტვილის „მერანთან“ 0:2 დამარცხდნენ. საპასუხო შეხვედრაში ქუთაისელებმა მშობლიურ „რამაზ შენგელიაზე“ მეტოქეს დამატებით დროში აჯობეს და ქართული ფეხბურთის ელიტაში დარჩნენ.
„ტორპედო“ პირველ ტაიმში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა და ანგარიშის გახსნა ორ ეპიზოდში შეეძლო. პირველ შემთხვევაში საჯარიმოს გარედან პალესტინელი ფადი ზიდანის მიერ დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ მასპინძელთა კაპიტნის ვაჟა ტაბატაძის „გასროლა“ მცირედით არაზიუსტი აღმოჩნდა.
64-ე წუთზე, თორნიკე ახვლედიანი ბურთიანად შეეცადა და მეტოქის ორ მცველს გასცდენოდა, ხოლო საბოლოოდ „მერანის“ საჯარიმოში დაეცა. მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა მიიჩნია, რომ მარტვილეთა მცველმა ბექა ბიბილაშვილმა  თამაშის წესი დაარღვია, კერძოდ ქუთაისელთა ფორვარდს ფეხი დააბიჯა და პენალტი დანიშნა, რომელიც მათე ცინცაძემ გამოიყენა – 1:0.
87-ე წუთზე, ცინცაძის შესრულებული „ჯარიმის“ მერე  „ცოცხალ კედელს“ მოხვდა ბურთი, რომელიც ბერძენმა ვასილის კარაგუნისმა სტუმართა საჯარიმოში ჩააბრუნა, სადაც ლევან მჭედლიძე გატანას „მაკრატელათი“ ეცადა, მაგრამ საბოლოოდ შეტევა ალეკ მუდიმუმ ახლო მანძილიდან ზუსტი თავურით დაასრულა – 2:0.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე „მერანის“ კონტრშეტევის დროს ქუთაისელთა მეკარესთან მარტო დარჩა, თუმცა მუდიმუმ ბურთი ფეხიდან ააცილა.
102-ე წუთზე, სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ბიძინა მახარობლიძემ ზუსტი პასი გაუკეთა თორნიკე ახვლედიანს, რომელმაც ერთი შეხებით მარტვილელთა კარი აიღო – 3:0. განვლილ შეხვედრაში ახვლედიანი ორივე გუნდში საუკეთესო იყო.
დამატებითი 15-წუთიან ტაიმებს შორის მცირე შესვენების დრო ცეცაძე და მონიავა შეკამათდნენ, თუმცა ამის მიზეზი რაა მხოლოდ მოედანზე მყოფებმა იციან. საბოლოოდ, მსაჯმა ორივე გუნდის მწვრთნელს ყვითელი ბარათი აჩვენა.
მატჩის მიწურულს გოლის გატანის რეალური შანსი „ტორპედოს“ საჯარიმოში მყოფ დათა წულაიას ჰქონდა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.