
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის წინ პლეი ოფში თამაში „ლივერპულს” ჰქონდა განაღდებული, დარჩენილი სამი გუნდი კი მომდევნო ეტაპზე გამსვლელი მეორე ადგილის შანსს ინარჩუნებდა.
დასკვნით ტურში„მილანმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. „ატლეტიკომ“ პორტუში მოიგო და ჯგუფიდან „როხიბლანკო“ და „ლივერპული“ გავიდნენ.
იურგენ კლოპმა მინდორზე შესუსტებული შემადგენლობა გამოიყვანა, თუმცა იტალიელთა დასამარცხებლად ესეც საკმარისი გამოდგა.
„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა პირველი ინგლისური გუნდი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე თამაში მოიგო.
“ლივერპულის” ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა ყველა ტურნირში 20 ან მეტი გოლი ზედიზედ ხუთ სეზონში გაიტანა და ლეგენდარული უელსელი თავდამსხმელის იან რაშის შემდეგ მერსისაიდელტა პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ეს მოახერხა.
სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო, რაც “ლივერპულის” არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
სალაჰი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მეორე ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად ჩატარებულ ზედიზედ 7 შეხვედრაში მოწინააღმდეგეების კარი დალაშქრა.




