ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად ტირასპოლის „შერიფი“ 3:0 დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა.
მატჩის 30-ე წუთზე ანგარიში ავსტრიელმა დავიდ ალაბამ გახსნა, რომელიც ბოლო 17 წლის მანძილზე „რეალის“ პირველი მცველია, ვინც ჩემპიონთა ლიგაში გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე გერმანელმა ტონი კროოსმა სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა. მან ამ ტურნირში ბოლო 19 წლის მანძილზე მეტოქის კარი პირველად აიღო.
55-ე წუთზე მოლდოველთა კარი ქარიმ ბენზემამ აიღო, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 17 მატჩში 15 გოლი და 8 საგოლე პასი დაუგროვდა.
კარლო ანჩელოტის გაწვრთნილ გუნდს 12 ქულა აქვს და D ჯგუფში პირველ ადგილზეა.
„სამეფო კლუბი“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლეი-ოფში ზედიზედ მეცხრამეტედ ითამაშებს. მსგავსი შედეგი ნახსენები ტურნირის ისტორიაში არავის ჰქონია.





