ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ყველაზე სენსაციური შედეგი მადრიდში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივი „რეალი“ ტირასპოლის „შერიფთან“ 1:2 დამარცხდა.
ტირასპოლელები 25-ე წუთზე უზბეკმა ლეგიონერმა იაქშიბოიევმა დააწინაურა. ის ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ „შერიფის“ მიერ სტუმრად გატანილი პირველი გოლის ავტორი აღმოჩნდა.
65-ე წუთზე კარიმ ბენზემამ პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. მან მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.
ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაში 72-ე გოლი მიითვალა და მადრიდელთა ლეგენდა რაულს გაასწრო. ნახსენებ ტურნიშუ გატანილი გოლების რაოდენობით ის მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს, ლიონელ მესისა და რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება.
„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაში 51-ე პენალტი დაარტყა და მხოლოდ „ბარსელონას“ ჩამორჩებბა, რომლის სასარგებლოდ 53 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.
„შერიფმა“ ესპანეთის დედაქალაქში 3 ქულა 89-ე წუთზე ლუქსენბურგის ნაკრების წევრ ტილის გოლით აიღო.
„შერიფი“ მე-4 კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი „რეალი“ დაამარცხა. მადრიდელებმა იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე პირველად წააგეს.
„შერიფმა“, რომლის დირექტორი ვაჟა თარხნიშვილი D ჯგუფში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და 6 ქულით ლიდერია. საკვალიფიკაციო ეტაპის გათვალისწინებით უკრაინელი იური ვერნიდუბის შეგირდებს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 10 თამაში არ წაუგიათ – 8 გამარჯვება და 2 ფრე.
„რეალი“ 3 ქულით მეორე ადგილზეა. ამავე ჯგუფში დონეცკის „შახტარი“ თავის მოედანზე მილანის „ინტერს“ დაუზავდა – 0:0. მილანელები 1 ქულით მე-3 პოზიციაზე არიან, ხოლო „შახტარი“ ამდენივე ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





